ევროკავშირი უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის კიდევ 55 მილიონ ევროს გამოყოფს. შესაბამისი განცხადება ევროკომისარმა კრიზისების მართვის საკითხებში იანეს ლენარჩიჩმა გააკეთა.
როგორც ლენარჩიჩმა განმარტა, უკრაინის ჰუმანიტარული დახმარების ახალი დაფინანსება მომავალი ზამთრისთვის მომზადებას მოხმარდება.
"ჩვენ ვზრდით ევროკავშირის ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინისთვის კიდევ 55 მილიონი ევროთი, რათა დავრწმუნდეთ, რომ მზად ვართ ზამთრის მკაცრ და ცივ თვეებში დამატებითი გამოწვევებისთვის", - განაცხადა ევროკომისარმა.
მიმდინარე წლის დასაწყისიდან ევროკავშირმა უკრაინას უკვე 145 მილიონი ევრო გამოუყო, რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან კი ეს თანხა 685 მილიონ ევროს მიაღწია.