
ევროკავშირი სირიის წინააღმდეგ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს მოხსნის. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში EU-ის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი სოციალურ ქსელში ადასტურებს.
"დღეს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება სირიის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების მოხსნის შესახებ. ჩვენ გვსურს დავეხმაროთ სირიელ ხალხს ახალი, ინკლუზიური და მშვიდობიანი სირიის აღდგენაში.
ევროკავშირი ბოლო 14 წლის განმავლობაში ყოველთვის სირიელების გვერდით იდგა და ამას ასეც გააგრძელებს", - წერს კალასი.
აღნიშნულ ინფორმაციას ეხმაურება ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენიც.
იგი აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიესალმება და ამბობს, რომ ევროპა მზადაა დაეხმაროს სირიას აღდგენაში.
"მივესალმები სირიის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების მოხსნის გადაწყვეტილებას.
აღდგენის გზა ჯერ კიდევ გრძელია, მაგრამ ევროპა მზადაა სირიასთან ერთად ითანამშრომლოს ამ გზაზე. ჩვენ გვსურს ვიყოთ პარტნიორები სირიის ზრდაში, ჩვენს მოკავშირეებთან ერთად რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ.
შერიგება აღდგენითი პროცესისკენ გადადგმული პირველი, გადამწყვეტი ნაბიჯია", - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.