
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც ორი მცირეწლოვანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
"ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ღრმად დამწუხრებულია ბათუმში ორი ახალგაზრდა სიცოცხლის ტრაგიკულად დაღუპვის გამო. ამ მძიმე დროს ვიზიარებთ მათი ოჯახების მწუხარებას," – აღნიშნულია განცხადებაში.
15 თებერვალს, ე.წ. ოცნების ქალაქში ტრაგედია მოხდა – 5 და 4 წლის ბავშვები წყლით სავსე თხრილში ჩავარდნენ. სამწუხაროდ, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
უბედური შემთხვევა იმ ტერიტორიაზე მოხდა, სადაც სულ რამდენიმე დღის წინ თვითაღიარებულმა პრემიერმა ახალი მშენებლობა დააანონსა. ამჟამად იქ სამშენებლო ტექნიკა და ტრაქტორებია მობილიზებული.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.