EU-ს დროშის დაწვისთვის მარტინენკო დააჯარიმეს, მახარაძეზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო

EU-ს დროშის დაწვისთვის მარტინენკო დააჯარიმეს, მახარაძეზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო

თბილისის მერიასთან ევროკავშირის დროშის დაწვისთვის პრორუსული, ძალადობრივი, ჰომოფობიური ალტ-ინფოს წევრი, ირაკლი მარტინენკო დააჯარიმეს, ზურა მახარაძის მიმართ კი ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო.

ფორმულას ინფორმაციით, ირაკლი მარტინენკო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე 18 პრიმა მუხლის პირველი ნაწილითაა დაჯარიმებული. ეს გულისხმობს საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, რომლის წევრიც არის საქართველო, ოფიციალური სიმბოლოს შებღალვა ან საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი იმ სახელმწიფოს, რომელთანაც საქართველოს აქვს დიპლომატიური ურთიერთობა, დროშის ან გერბის შებღალვას. ეს ფიზიკური პირის 1000 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს.

რაც შეეხება ზურა მახარაძეს, მის მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოება 174-ე 18 პრიმა მუხლის მეორე ნაწილითაა დაწყებული, რაც იგივე ქმედების განმეორებით ჩადენას გულისხმობს და პირის 2 000 ლარით დაჯარიმებას ან 15 დღის ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, ადმინისტრაციულად შედგენილი მასალები თბილისის საქალაქო სასამართლოში იქნება შეტანილი.