ევროკავშირის წარმომადგენლობა ოჩამჩირეში რუსული ბაზის განთავსებაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული ქმედება უკანონოა, რაც საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს.
"ევროკავშირი გამოხატავს ძლიერ შეშფოთებას რუსეთის გეგმების შესახებ გავრცელებული შეტყობინების გამო, მისი შავი ზღვის ფლოტის მუდმივი საზღვაო ბაზის საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონში, აფხაზეთში შექმნასთან დაკავშირებით.
რუსეთის მიერ სამხედრო ძალების ყოლა საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უკანონოა. ეს არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და რუსეთის მიერ აღებულ ვალდებულებებს. მათ შორის 2008 წლის აგვისტოს შეთანხმებას, 2008 წლის 8 სექტემბერს მოწერილ დოკუმენტს.
თუ რუსეთი გააგრძელებს ხსენებული გეგმების განხორციელებას, ეს კიდევ უფრო გაზრდის დაძაბულობას და რეგიონში სტაბილურობას მეტ საფრთხეს შეუქმნის. ევროკავშირი კი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივ სამხედრო-საზღვაო ბაზას განათავსებს. ბჟანიას თქმით, რუსეთმა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. ხელშეკრულება უკვე გააფორმეს. ბჟანია ამბობს, რომ რუსული სამხედრო ბაზა ოკუპირებულ ოჩამჩირის რაიონში უახლოეს მომავალში განთავსდება და "და ეს გააძლიერებს როგორც რუსეთის ისე აფხაზეთის თავდაცვის შესაძლებლობებს".