ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრებმა საქართველოს შესახებ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ დღევანდელი ხელისუფლების კურსით, ქვეყანა გაერთიანების წევრი ვერ გახდება.
"საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დეფაქტო შეჩერება გამოიწვია. შესაბამისად, ერთი რამ ცხადია: საქართველო ვერ შეძლებს გახდეს ევროკავშირის წევრი, თუ ხელისუფლება არ შეიცვლის კურსს. ამ მკაფიო გადაწყვეტილების ოდნავადაც კი შერბილებულად ან სხვაგვარად ინტერპრეტაცია ან ბოდვაა ან უბრალოდ სიცრუე", - ვკითხულობთ განცხადებაში.
ამასთან, განცხადებაში მკაფიოდაა აღნიშნული, რომ საქართველოს მომავალი საზოგადოების ხელშია და იმედოვნებენ, რომ ეს იქნება არჩევანი საქართველოს ევროპული მომავლის სასარგებლოდ.
"მოდით, ასევე განვმარტოთ - ჩვენ საქართველოს ხელისუფლებისაგან მოველით, რომ მან თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები უზრუნველყოს. ქართველებს უნდა შეეძლოთ, რომ აირჩიონ, რომელი მომავალი სურთ თავისთვის, თავიანთი შვილებისა და შვილიშვილებისათვის. იმედი გვაქვს, რომ ეს იქნება არჩევანი საქართველოს ევროპული მომავლის სასარგებლოდ. არჩევანი თქვენზეა. საქართველოს მომავალი თქვენს ხელშია!", - წერია განცხადებაში.
განცხადებაში საუბარია დეზინფორმაციაზეც, რომელიც, ევროპის საკითხთა მინისტრების ცნობით, ზოგიერთმა ქართველმა პოლიტიკოსმა გაავრცელა.
"ისინი ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს აყენებდნენ შეურაცხყოფას, უსაფუძვლოდ აბრალებდნენ სახელმწიფო გადატრიალებისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთა მკვლელობის გეგმებს, საქართველოს ომებში ჩათრევის ბნელ მოტივებს, ლიბერალურ ფაშიზმსა და უამრავ სხვა რამეს", - აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებას ხელი მოაწერეს: