ევროკავშირი არასტრატეგიული ბირთვული იარაღის რუსეთიდან ბელარუსის ტერიტორიაზე გადატანის შეთანხმებას გმობს - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ისაუბრა და თქვა, რომ ეს არის ნაბიჯი, რომელიც შემდგომ სახიფათო ესკალაციას გამოიწვევს.
ბორელი აღნიშნავს, რომ ეს განკარგულება ეწინააღმდეგება არაერთ საერთაშორისო შეთანხმებას და რუსეთს მათი შესრულებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სიტუაციის შემდგომი ესკალაციის მცდელობას ძლიერი და კოორდინირებული რეაქციით შეხვდებიან.
"ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს ეს ვალდებულებები. ბელარუსის რეჟიმი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო და არაპროვოცირებული ომის თანამონაწილეა", - განაცხადა მან.
26 მაისს ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ არასტრატეგიული ბირთვული იარაღის რუსეთიდან ბელარუსის ტერიტორიაზე გადატანა უკვე დაწყებულია. კითხვას - არის თუ არა არასტრატეგიული ბირთვული იარაღი უკვე ბელარუსის ტერიტორიაზე, ლუკაშენკომ ასე უპასუხა: "შესაძლოა. მივალ და ვნახავ".
მანამდე, რუსეთისა და ბელარუსის თავდაცვის მინისტრებმა სერგეი შოიგუმ და ვიქტორ ხრენინმა მინსკში ხელი მოაწერეს დოკუმენტებს, რომლებიც განსაზღვრავენ რუსული ბირთვული იარაღის შენახვის პროცედურას ბელარუსის ტერიტორიაზე - სპეციალურ საწყობში.
მიმდინარე წლის 25 მარტს, ცნობილი გახდა, რომ ოფიციალური მოსკოვი და მინსკი ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებაზე შეთანხმდნენ. მაშინ, ვლადიმერ პუტინმა თქვა: "3 აპრილიდან ვიწყებთ ეკიპაჟების წვრთნას. 1 ივლისს კი ვასრულებთ ტაქტიკური ბირთვული იარაღის სპეციალური საწყობის მშენებლობას ბელარუსის ტერიტორიაზე".