კომუნიკაციების კომისიამ (ComCom) არაწინასაარჩევნო პერიოდში რუსული კანონის საწინააღმდეგო ვიდეორგოლის გაშვების გამო მთავარი არხი 2500 ლარით დააჯარიმა. ComCom-ის მოსაზრებით, აღნიშნული ვიდეორგოლი პოლიტიკური შინაარსის მატარებელია. ამასთან, ხელისუფლების პროპაგანდისტული ტელეარხი POSTV კომისიამ წერილობით გააფრთხილა.
ComCom-ის განცხადების თანახმად, მთავარი არხის სამაუწყებლო ბადეში განთავსებულ პოლიტიკური შინაარსის ვიდეორგოლებში, ნეგატიურ კონტექსტშია წარმოჩენილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც მოხსენიებულია საზოგადოების ყველა ნაწილისთვის საფრთხის შემცველ "რუსულ" კანონად.
"აღნიშნული ვიდეორგოლები განაწყობს საზოგადოებას იმ პოლიტიკური გაერთიანებებისა და მათი წარმომადგენლების საწინააღმდეგოდ, რომლებმაც მხარი დაუჭირეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებას. აქედან გამომდინარე, კომუნიკაციების კომისიამ მიიჩნია, რომ ვიდეორგოლების მიზანია აღნიშნული კანონის მხარდამჭერი პოლიტიკური გაერთიანებების არჩევის ხელშეშლა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში", - ვკითხულობთ განცხადებაში.
კომისიაში აღნიშნავენ, რომ POSTV-ის ეთერში გავიდა ვიდეორგოლები, სხვადასხვა საწარმოებისა და მეწარმეების შესახებ, რომლებიც სახელმწიფო პროგრამების დახმარებასა და ქართული ოცნების მიერ მეწარმეობის სფეროში წარმატებული პროექტების შესახებ საუბრობენ. ამასთან, ვიდეორგოლებს მითითებული აქვს წარწერა: "ქართული ოცნების" დაფინანსებული 100-ზე ბევრად მეტი ქარხანა“.
"ეთერში განთავსებული პოლიტიკური შინაარსის ვიდეორგოლების მიზანი არის არა მხოლოდ მეწარმეებისა ან სახელმწიფო პროგრამის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, არამედ პოლიტიკური მოძრაობის „ქართული ოცნების“ არჩევის ხელშეწყობა 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე".
ComCom-ში განმარტავენ, რომ მთავარი არხის მიმართ კანონმდებლობის ანალოგიური დარღვევის ჩადენისთვის გასულ თვეში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით გამოყენებული იყო წერილობითი გაფრთხილება, კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებელს კანონით გათვალისწინებული მინიმალური ჯარიმა - 2500 ლარი დააკისრა და ვიდეორგოლის სამაუწყებლო ბადიდან ამოღება დაავალა. ხოლო, იმის გამო, რომ POSTV ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი დარღვევისთვის არ დასანქცირებულა, ComCom-მა მაუწყებელი წერილობით გააფრთხილა.