სამოქალაქო საზოგადოების ფონდი ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერის, ვანო ჩხიკვაძისთვის 14 ივნისს აეროპორტში სპეციალურად მობილიზებული ჯგუფის დახვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ორგანიზაციის შეფასებით, ეს იყო ხელისუფლების მიერ კოორდინირებული ინციდენტი, რომელიც აშშ-ის კონგრესში ვანო ჩხიკვაძის გამოსვლას ეხმაურებოდა.
"ბუნებრივია, ეს იყო ხელისუფლების მიერ კოორდინირებული ინციდენტი, რომელიც აშშ-ის კონგრესში მის გამოსვლას ეხმაურებოდა. ჰელსინკის კომისიაზე ვანო ჩხიკვაძემ საქართველოს დემოკრატიის მიმდინარე გამოწვევების, ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ქართველი ხალხისთვის დასავლეთის მხარდაჭერის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.
საინტერესოა, წინასწარ როგორ ჰქონდათ აეროპორტში შეკრებილ ჯგუფსა და პროპაგანდისტულ მედიას ინფორმაცია საქართველოს მოქალაქის ფრენის განრიგის შესახებ, თუ არა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების ჩართულობით. აღსანიშნავია, რომ დღევანდელი ინციდენტი ერთ-ერთია “ქართული ოცნების“ მიერ მართულ იმ ათეულობით თავდასხმას შორის, რომელთაც ბოლო კვირების მანძილზე ვხედავთ.
ჩვენი კოლეგა ვანო ჩხიკვაძე პროფესიული საქმითა თუ პიროვნული ღირსებით გულშემატკივრობს იმას, რასაც ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესი და კონსტიტუცია ითვალისწინებს - ეს არის საქართველოს ევროპული მომავალი. ბუნებრივია, მის მიერ ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციისა თუ საზოგადოებრივი კეთილდღეობის ადვოკატირება მიუღებელია ხელისუფლებისთვის, რომელიც საქართველოს მომავალს რუსეთში ხედავს.
ჩვენ არ გვიკვირს, რომ ვანო ჩხიკვაძის სულისკვეთება ქვეყნის ევროკავშირში გაწევრებისა და ამ პროცესის თანმდევი სიკეთის შესახებ შეუთავსებელია ხელისუფლებასთან, რომელმაც მიიღო რუსული კანონი - ხელისუფლების ხალხზე ძალადობის, დაშინებისა და ქვეყნის ღალატის სიმბოლო.
ქართულ ოცნებას საქართველოს მოქალაქეებისთვის არ ემეტება ის, რისთვისაც ვანო ჩხიკვაძე სხვა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, აქტივისტებთან და რიგით მოქალაქეებთან ერთად იბრძვის - ეს არის ქვეყნის ევროპული მომავალი, ეკონომიკური თუ სოციალური კეთილდღეობა, მშვიდობა და უსაფრთხოება, თვითმყოფადობის დაცვა და ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა", - ნათქვამია განცხადებაში.
14 ივნისს ვანო ჩხიკვაძეს, სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერს, აეროპორტში ორგანიზებული ჯგუფი შეძახილებით დახვდა. ადგილზე იმყოფებოდნენ სამთავრობო მედიის წარმომადგენლებიც.
4 ივნისს ვანო ჩხიკვაძე აშშ-ის კონგრესში, სადაც საქართველოს თემაზე სპეციალური განხილვა მიმდინარეობდა, ერთ-ერთი მომხსენებელი იყო. მან ქვეყნის ევროპული მომავლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.