CNN ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ჰეზბოლასთან ომის შემთხვევაში აშშ ისრაელს სრულ მხარდაჭერას ჰპირდება.
გამოცემის ცნობით, დაპირება ვაშინგტონში, ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ ცაჰი ჰანეგბის, ისრაელის სტრატეგიულ საქმეთა მინისტრ რონ დერმერს, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველ ჯეიკ სალივანსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შორის შეხვედრების დროს გაიცა.
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირებმა CNN-ს განუცხადეს, რომ უსაფრთხოების მხარდასაჭერად აშშ ისრაელს საჭირო დახმარებას გაუწევს, მაგრამ ისრაელის ტერიტორიაზე ამერიკელი ჯარისკაცების გაგზავნა არ განიხილება.
2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ, ჰეზბოლას პროვოკაციები ისრაელის წინააღმდეგ გაგრძელდა, ბოლო კვირებში კი გამწვავდა. ბაიდენის ადმინისტრაციამ არაერთხელ განაცხადა, რომ ისრაელის ჩრდილოეთ ფრონტზე მორიგი ომის დაწყება არ სურს და მხარეებს დიპლომატიური მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს.