პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში ცვლილებებს, რომლის თანახმადაც, საავტომობილო ზოლებში, ე.წ. Bus Lane-ზე მოტოციკლეტებისა და მოპედების გადაადგილება დასაშვები ხდება.
შესაბამის ცვლილებებს მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ ხმა არცერთმა დეპუტატმა არ მისცა.
"ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი არის ის გარემოება, რომ საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებისთვის უფრო მარტივი ხდება მოტოციკლების და მოპედების დანახვა, რაც მკვეთრად ამცირებს საგზაო შემთხვევებს. ამასთან, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში მოტოციკლების და მოპედების სწრაფი გადაადგილებით მცირდება ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევა.
ამ მიზნით ცვლილება შედის "საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 37-ე მუხლში და სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში გადაადგილების უფლება, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ შესაბამისი კატეგორიის მსუბუქ ავტომობილებთან – ტაქსებთან (M1 კატეგორია) ერთად, ენიჭება მოტოციკლს ან/და მოპედს", - წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
პარლამენტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის დამტკიცების შემდეგ, თბილისის საკრებულოს წარედგინება შესაბამისი წესი და პირობები, თუ როგორ, რა დაშვებითა და შეზღუდვებით შეეძლებათ მოტოციკლებსა და მოპედებს საავტობუსო ზოლში მოძრაობა.