Axios: ისრაელის შეტევა ირანზე 8 თვის განმავლობაში საიდუმლოდ მზადდებოდა

Axios: ისრაელის შეტევა ირანზე 8 თვის განმავლობაში საიდუმლოდ მზადდებოდა

Axios-ის თანახმად, ისრაელის მიერ ირანის ტერიტორიაზე განხორციელებული შეტევა, რომელიც ბირთვული ობიექტების, სარაკეტო ბაზების, ლიდერებისა და მეცნიერების განადგურებას ისახავდა მიზნად, 8 თვის განმავლობაში საიდუმლოდ მზადდებოდა.

Axios წერს, რომ ისრაელის ამ ოპერაციამ ახლო აღმოსავლეთში ახალი ომი წამოიწყო, რომელშიც, შესაძლოა, ამერიკის შეერთებული შტატებიც ჩაითრიონ.

გამოცემის თანახმად, ისრაელი ამ ოპერაციით ცდილობს, "გააქროს" ირანის ბირთვული და ბალისტიკური სარაკეტო შესაძლებლობები, რომელიც, როგორც ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, მინიმუმ რამდენიმე დღე გასტანს. ისრაელის სხვა ოფიციალური პირები კი ამბობენ, რომ ეს შესაძლოა კვირებიც კი გაგრძელდეს.

Axios ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ეს ოპერაცია მხოლოდ საჰაერო დარტყმებით არ შემოიფარგლება და მოსადის წარმომადგენლები ადვილობრივ დონეზე სარაკეტო და საჰაერო თავდაცვის სისტემების წინააღმდეგ დივერსიულ ოპერაციებს ხელმძღვანელობენ.

ამასთან, ისრაელის მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ მოსალოდნელია, ისრაელმა გააგრძელოს ირანის მიწისქვეშა ბირთვულ ობიექტებზე შეტევა უახლოეს დღეებში, სხვა სამიზნეებთან ერთად.

ოპერაციის განხორციელების იდეა, რომელიც ერთდროულად შეუტევდა ირანის ბირთვულ და სარაკეტო პროგრამებს მას შემდეგ გაჩნდა, რაც ირანმა ოქტომბერში ისრაელს დაარტყა, ეს კი ქვეყნების დაპირისპირების ახალ ეტაპზე გადასვლის ნაწილი იყო.

Axios წერს, რომ ოპერაციის დაწყების "მოტივაციად" იქცა ირანის სწრაფად მზარდი სარაკეტო არსენალი და მისი დაქვეითებული საჰაერო თავდაცვა, რაც ისრაელზე განნხორციელებულმა საპასუხო დარტყმებმა გამოიწვია. სწორედ ამის შემდეგ, ისრაელის პრემიერმა სამხედროებსა და დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებს ოპერაციის დაგეგმვა დაავალა.

Axios ისრაელის არმიაზე დაყრდნობით წერს, რომ ოპერაციის დაგეგმვის დამატებითი ფაქტორი იყო დაზვერვის მონაცემები ირანის ბირთვულ შეიარაღებაზე კვლევებიდან გამომდინარე, რომლებიც მიუთითებდნენ, რომ ირანი ბომბის დამზადებას ბევრად უფრო მალე შეძლებდა, თუ გადაწყვეტდა.

როგორც გამოცემა წერს, იმ დროსაც კი, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბირთვულ შეთანხმებაზე მუშაობდა, ისრაელი ამ შეტევისთვის ემზადებოდა - აგროვებდა დაზვერვის მონაცემებს, ანთავსებდა რესურსებს და ატარებდა წვრთნებს.

თეთრ სახლში ისრაელის ამ მზადებას შეშფოთება მოჰყვა, რადგან შიშობდნენ, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუ ამ შეტევაზე აშშ-ის თანხმობის გარეშე წავიდოდა, თუმცა, იერიშის დაწყებიდან მალევე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ წინასწარ იცოდა ისრაელის გეგმების შესახებ, თუმცა აღნიშნა, რომ აშშ-ის სამხედროებს ოპერაციაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

Axios წერს, რომ ისრაელის პრემიერმა დონალდ ტრამპი დაარწმუნა ამის გაკეთებაში, თეთრმა სახლმა კი ისრაელს განუცხადა, რომ თუ იერიშს მიიტანდნენ, მარტო აღმოჩნდებოდნენ. დონალდ ტრამპმა იერიშამდეც აღნიშნა, რომ ისრაელის დარტყმას ეწინააღმდეგებოდა და თქვა, რომ ეს "ააფეთქებდა" მოლაპარაკებებს.

თუმცა, ისრაელის მხრიდან შეტევის დაწყების შემდეგ, ისრაელის ოფიციალურმა პირებმა ჟურნალისტებს უთხრეს, რომ ყველაფერი ამერიკის შეერთებულ შტატებთან იყო კოორდინირებული. Axios-ს ორმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომ დონალდ ტრამპის და მისი გუნდის საჯარო წინააღმდეგობა "მხოლოდ თამაში იყო", სინამდვილეში კი მათ პირად საუბრებში წინააღმდეგობა არ გამოუხატავთ, ამის მიზანი კი ირანისთვის ისეთი შთაბეჭდილების შექმნა იყო, თითქოს, შეტევა არ მიმდინარეობდა.

13 ივნისს ისრაელმა ირანზე მასშტაბური იერიში მიიტანა და ბირთვულ სამიზნზეებს დაარტყა.იერიშის დაწყებისთანავე ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ქვეყანაში "განსაკუთრებული საგანგებო მდგომარეობა" გამოაცხადა.

ოპერაციის დაწყების შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა და თქვა, რომ ისრაელმა დაიწყო ოპერაცია - "აღმავალი ლომი", რომელიც მისი თქმით, "გაგრძელდება იქამდე, ვიდრე საჭირო იქნება".

ირანმა ისრაელში საპასუხო 2-ფაზიანი იერიშის მიიტანა და ისრაელის მიმართულებით ჯამში დაახლოებით 150 ბალისტიკური რაკეტა ისროლა. IDF-ის თანახმად, 150-დან 9 რაკეტა ჩამოავარდა, რის შედეგადაც დაშავდა 15 ადამიანი.

იერიშის დაწყებიდან მალევე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა წინასწარ იცოდა ისრაელის გეგმების შესახებ, თუმცა აღნიშნა, რომ აშშ-ის სამხედროებს ოპერაციაში მონაწილეობა არ მიუღიათ.