
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International საქართველოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავებაზე წერს და აცხადებს, რომ მათი "საპარლამენტო კომისიაში დაბარება და დაპატიმრება პარლამენტის ლეგიტიმურობაზე უარის თქმის გამო, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს".
კერძოდ, ორგანიზაცია აცხადებს, რომ შემაშფოთებელია "საკანონმდებლო, საპოლიციო და სხვა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება მთავრობის კრიტიკოსების გასაჩუმებლად".
ორგანიზაციის თანახმად, "საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს სასტიკი თავდასხმა განსხვავებული აზრის მქონე პირებზე, [უნდა შეწყვიტოს] მომიტინგეებისა და პოლიტიკური აქტივის მიზანში ამოღება მათი უფლებების მშვიდობიანი განხორციელებისთვის და გაათავისუფლოს გივი თარგამაძე, ოპოზიციის კიდევ ექვსი წევრი, რომლებიც ბოლო კვირების განმავლოაში ციხეში ჩასვეს".
"ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ისეთი პრაქტიკა, რომელიც არღვევს საქართველოს საერთაშორისო ადამიანის უფლებების ვალდებულებებს. ხელისუფლებამ უნდა დაიცვას და უზრუნველყოს ქვეყანაში ყველას ადამიანის უფლებები", - ვკითხულობთ განცხადებაში.
გუშინ, 27 ივნისს გივი თარგამაძე დააკავეს. ის განაჩენის გამოცხადების შემდეგ, პოლიციის განყოფილებაში თავად მივიდა.
ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის მიერ შექმნილ ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე არმისვლის გამო, გივი თარგამაძეს 7-თვიანი პატიმრობა მიესაჯა. ამასთან, მას 2 წლით საჯარო თანამდებობის დაკავების უფლება აეკრძალა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა.
ამავე საქმეზე 7-7 თვე უკვე მიუსაჯეს კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს და ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ლიდერს, გიორი ვაშაძეს. 8-8 თვე კი, ძლიერი საქართველოს ლიდერებს - მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, ასევე, კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს ნიკა მელიას.
ე.წ. კომისიაზე არმისვლის საქმეზე პატიმრობაში ასევე იმყოფებიან - კოალიცია ცვლილებისთვის კიდევ ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია და პოლიტიკოსი ირაკლი ოქრუაშვილი.