ALDE-ის პრეზიდენტმა საბჭოზე ზურაბ ჯაფარიძის ციხიდან გაგზავნილი წერილი წაიკითხა

ALDE-ის პრეზიდენტმა საბჭოზე ზურაბ ჯაფარიძის ციხიდან გაგზავნილი წერილი წაიკითხა

ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსის (ALDE) პრეზიდენტმა სვენია ჰანმა ზურაბ ჯაფარიძის ციხიდან გაგზავნილი წერილი ჰელსინკიში მიმდინარე საბჭოზე წაიკითხა.

წერილში ზურაბ ჯაფარიძე ქართული ოცნების პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს და აცხადებს, რომ "ამ დევნის მიზანი წინააღმდეგობის გატეხვაა - მაგრამ, ეს დევნა მხოლოდ აძლიერებს".

ის წერილში პარტნიორებს მოუწოდებს, მტკიცე და მკაფიო მოქმედებისკენ - ქართული ოცნების რეჟიმის მიმართ მკაფიო პოლიტიკისკენ და მისი ხელშემწყობების მიმართ მიზნობრივი სანქციებისკენ.

ზურაბ ჯაფარიძე მადლობას უხდის ALDE-ს ქართული დემოკრატიისა და ლიბერალური ღირებულებების მტკიცე მხარდაჭერისთვის.

მისი თქმით, "ციხიდან, თუ ქუჩიდან - ბრძოლა არ შეწყდება".

წერილი სრულად:

"ვწუხვარ, რომ წლევანდელ ALDE საბჭოზე პირადად არ ვარ, რუსთავის ციხიდან მოგმართავთ, სადაც პოლიტიკური პატიმრის სტატუსით მაკავებს რუსეთის მხარეს დამდგარი ქართული ოცნების რეჟიმი. ჩემი „დანაშაული“? უარი ვთქვი წავსულიყავი პარლამენტის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე, რომელიც თითქოს წინა მთავრობის „დანაშაულებს“ იკვლევს — მაშინ, როდესაც მე იმ მთავრობაში არანაირი როლი არ მეკავა. ეს აბსურდი ნათლად აჩვენებს, რომ კომისია მხოლოდ ერთი მიზნისთვის შეიქმნა — პოლიტიკური დევნისთვის და განსხვავებული აზრის ჩასახშობად.

მაგრამ მარტო არ ვარ. 60-ზე მეტი აქტივისტი, ჟურნალისტი და პოლიტიკური ლიდერი იმყოფება ციხეში მტკიცებულებებისა და კანონიერი სასამართლოს გარეშე — მხოლოდ იმიტომ, რომ იცავდნენ საქართველოს კონსტიტუციას და ჩვენს ევროპულ არჩევანს. მათ შორის არიან ლელოს ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე — ALDE-ს წევრი პარტიების წარმომადგენლები.

ქართული ოცნების რეჟიმმა რუსული ტიპის კანონებით სასტიკი შეტევა დაიწყო სამოქალაქო საზოგადოებაზე, დამოუკიდებელ მედიაზე, პოლიტიკურ პარტიებსა და აკადემიურ თავისუფლებაზე. სახელმწიფო ინსტიტუტები გადაიქცა რეპრესიების იარაღად. პოლიტიკურ ლიდერებს იჭერენ, მშვიდობიან დემონსტრანტებს სასტიკად უსწორდებიან, ჟურნალისტებს თავს ესხმიან და აპატიმრებენ, კრიტიკოსებს უვრცელებენ ცილისმწამებლურ კამპანიებს, ხოლო სიტყვის თავისუფლება მწვავედ იზღუდება. და მაინც, ქართველი ხალხი არ ნებდება. უკვე 212 დღეა, მოქალაქეები ყოველდღიურად მშვიდობიანად აპროტესტებენ ამ რეჟიმს, მიუხედავად ძალადობისა, დაკავებებისა და ადმინისტრაციული დევნისა. არასამთავრობო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედია გახდნენ რეპრესიული კანონების სამიზნე — მათ მტრებად აცხადებენ და ფინანსურ გზებს უკეტავენ. პროტესტის მონაწილეებს ყოველდღიურად აჯარიმებენ იმის გამო, რომ იმყოფებიან ქვეყნის დედაქალაქის მთავარ გამზირზე. ბევრი მათგან დააკავეს და სასამართლო დევნა დაიწყეს საჯარო განცხადებებისა და სოციალურ ქსელებში გამოხატული მათი პროტესტის გამო.

ამ დევნის მიზანია წინააღმდეგობის გატეხვა — მაგრამ დევნამ მხოლოდ გაგვაძლიერა .

ეს მხოლოდ ჩვენი ბრძოლა არ არის. ეს ბრძოლა რუსთაველის გამზირზე განსაზღვრავს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სომხეთის მომავალსაც. ეს განსაზღვრავს შავი ზღვის უსაფრთხოებას, ევროპისა და ცენტრალური აზიის ეკონომიკური კავშირების მომავალს და მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას.

ამიტომ გვჭირდება ერთობლივი ბრძოლა. გვჭირდება ევროკავშირის მკაფიო და მტკიცე მოქმედება: ქართულ ოცნების რეჟიმის მიმართ მკაფიო პოლიტიკა და მისი ხელშემწყობების წინააღმდეგ მიზნობრივი სანქციები. ამ კრიზისს ვერ მოაგვარებს ცარიელი დიალოგი. მისი გადაჭრა მხოლოდ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებით და ყველა პოლიტპატიმრის უპირობო გათავისუფლებით არის შესაძლებელი.

მადლობას ვუხდი ALDE-ს ქართული დემოკრატიისა და ლიბერალური ღირებულებების მტკიცე მხარდაჭერისთვის. განსაკუთრებით მადლობელი ვარ იულიან ბულაის, იევჰენია კრავჩუკის, მარია ბიგდაის, დან ბარნას, უილიამ თაუნსენდის, ენდრიუ ბარჯესის, ლენარტ სალემინკის, ჯეიმს მაკკლერის და ბენედიქტე როვიკის უდიდესი სოლიდარობისთვის ამ რთულ დღეებში.

იქნება ეს ციხიდან თუ ქუჩიდან — ჩვენ არ შევწყვეტთ ბრძოლას. ჩვენ გავაგრძელებთ თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლას. და ვიცით, რომ ბოლოს მაინც თავისუფლება გაიმარჯვებს", - ვკითხულობთ წერილში.