ADC: ხელისუფლებამ არბიტრაჟის გადაწყვეტილების არასწორი ინტერპრეტაციით გაჟღერება აირჩია

ADC: ხელისუფლებამ არბიტრაჟის გადაწყვეტილების არასწორი ინტერპრეტაციით გაჟღერება აირჩია

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი (ADC) საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას აქვეყნებს და აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადაწყვეტილება არასწორი ინტერპრეტაციით გააჟღერეს. კონსორციუმი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, ამ საკითხის შესაბამისი კონტექსტის ფარგლებში გააზრება.

განცხადების თანახმად, სამწუხაროა, რომ მთავრობის ქმედებებმა შედეგად გამოიწვია პროექტის განვითარების წლობით დაყოვნება, ათობით ათასი სამუშაო ადგილის დაკარგვა და მილიონობით მიუღებელი გადასახადი სახელმწიფო ბიუჯეტში, მისაღები შემოსავალი, რითაც საქართველოს მოქალაქეები სარგებელს მიიღებდნენ.

"ეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება აღნიშნულიდან არაფერს არ ცვლის. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა ამ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას გამარჯვებად მიიჩნევს, იგი არ შეიძლება გამარჯვებად ჩაითვალოს. გადაწყვეტილება არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ამ ხელისუფლებამ ბევრი დაპირება ვერ შეასრულა. აღნიშნული არ აახლოებს საქართველოს ანაკლიის პორტთან და ყველა მის თანმდევ ეკონომიკურ სარგებელთან. და ამ ყველაფერში ბრალი მხოლოდ ამ ხელისუფლებას მიუძღვის", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, დღევანდელ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ არასწორად აღნიშნა, რომ ADC-ის მოთხოვნა შეადგენდა 1.5 მილიარდ დოლარს. კონსორციუმში აცხადებენ, რომ რეალურად, მოთხოვნა აღნიშნული თანხის მესამედზე ნაკლები იყო.

"რეალური სურათის აღსაქმელად:

• პირველ რიგში, სამი არბიტრიდან, ერთ-ერთმა დაწერა განსხვავებული აზრი ADC-ის სასარგებლოდ. სიმართლეს არ შეესაბამება, რომ ტრიბუნალმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება მთავრობის სასარგებლოდ.

• მეორე, მინისტრმა რატი ბრეგაძემ არასწორად აღნიშნა, რომ ADC-ის მოთხოვნა შეადგენდა 1.5 მილიარდ დოლარს. რეალურად, მოთხოვნა აღნიშნული თანხის მესამედზე ნაკლები იყო.

• მესამე, მთავრობას, ADC-ს წინააღმდეგ დაყენებულ ყველა მოთხოვნაზე, ერთხმად ეთქვა უარი.

• მეოთხე, მთავრობის სასარგებლოდ არ მომხდარა ზიანის ანაზღაურების დაკისრება. მიუხედავად იმისა, რომ ADC-ს დაევალა ტრიბუნალისა და საარბიტრაჟო სასამართლოს ხარჯების ანაზღაურება, საქართველოს მოთხოვნა, ADC-ს აენაზღაურებინა სახელმწიფოს მიერ გაწეული საგულისხმო ოდენობის სამართლებრივი და სხვა სახის ხარჯები, არ დაკმაყოფილდა", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საკითხის განხილვა ჯერ არ დამთავრებულა და ის გადაწყდება ICSID-ის ცალკეულ საარბიტრაჟო განხილვაში, რომელიც ADC-ის ერთ-ერთმა ჰოლანდიელმა ინვესტორმა ჰოლანდია-საქართველოს ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულების ფარგლებში წამოიწყო და რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

***

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი საერთაშორისო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ვრცელ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

კერძოდ, საუბარია სარჩელზე, რომელიც 2020 წელს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის უცხოელ ინვესტორებთან ერთად შეიტანეს.

კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოში აცხადებენ, რომ "არბიტრაჟის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია".

განცხადებაში ისინი განმარტავენ, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებასა და პროცესთან დაკავშირებული დეტალები კონფიდენციალურია.

***

ანაკლიის პორტის პროექტი მამუკა ხაზარაძის მიერ დაფუძნებულმა კონსორციუმმა 2017 წელს მოიგო.

საქართველოს მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულება 2020 წლის იანვარში გაწყვიტა.

TBC ბანკის დამფუძნებლების და ყოფილი ხელმძღვანელების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება 2008 წელს გაკეთებული ტრანზაქციის საქმეზე პროკურატურამ 2018 წლის აგვისტოში დაიწყო, მომდევნო წლის ივლისში კი ბრალი წარუდგინა მათ. მათ ბრალი 17 მილიონ დოლარამდე უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში (ფულის გათეთრებას) ედებოდათ.

3-წლიანი სასამართლო პროცესის შემდეგ სასამართლომ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს ფულის გათეთრების მუხლი ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობის თაღლითობის მუხლით გადაუკვალიფიცირა, დამნაშავედ სცნო და სამივეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, დანაშაულის ხანდაზმულობის გამო ისინი არ დააპატიმრეს.

მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ანაკლიის განვითარების კონსორციუმი პოლიტიკურ დევნაზე მიუთითებდა და ხელისუფლების მხრიდან ანაკლიის პორტის პროექტის მიზანმიმართულ ჩაგდებაზე საუბრობდა.