9 თვეში ქუთაისის აეროპორტი 1 216 372 მგზავრს მოემსახურა

9 თვეში ქუთაისის აეროპორტი 1 216 372 მგზავრს მოემსახურა

აეროპორტების გაერთიანების ცნობით, იანვარიდან სექტემბრის ჩათვლით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი რეკორდული რაოდენობის - 1 216 372 მგზავრს მოემსახურა.

მათი ინფორმაციით, მგზავრთანაკადი 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 92%-ით გაიზარდა.

მათივე ცნობით, მგზავრთნაკადის გარდა ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან განხორციელებული ავიარეისების რაოდენობაც.

"2023 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით 3 615 რეისი შესრულდა და 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან კი რეისების რაოდენობა 43%-ით გაიზარდა. (2022 წლის 9 თვე - 2 535 რეისი).

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის რაოდენობის კუთხით, სტაბილური ზრდა თვის ჭრილშიც. სექტემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 163 998 მგზავრს მოემსახურა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდს 66%-ით აღემატება. რაც შეეხება ავიარეისებს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი სექტემბერში 483 რეისს მოემსახურა, რაც 2022 წლის პერიოდთან შედარებით 15%-ით მეტია", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამ ეტაპისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 18 ქვეყნის 35 მიმართულებით სრულდება.