მედიის წარმომადგენლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ნეტგაზეთისა და ბათუმელების ხელმძღვანელის მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.
განცხადებით ისინი მიმართავენ ჟურნალისტთა უფლებების დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებს და მეგობარი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ხმა აიმაღლონ ოლიგარქ ივანიშვილის რეჟიმის მიერ ჟურნალისტების მასობრივად დევნის აქტებზე და დაიცვან მედიის წარმომადგენლები საქართველოში.
განცხადებას, რომელიც დღეს გამართულ ბრიფინგზე მაია მეცხვარიშვილმა წაიკითხა, ხელს ამ დროისთვის 311 ჟურნალისტი, რედაქტორი და მედიამენეჯერი აწერს.
განცხადებაში ასევე საუბარია საქართველოში ბოლო წლებში მკვეთრად გაუარესებულ მედიაგარემოზეც.
"ონლაინ გამოცემების – ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი და მენეჯერი მზია ამაღლობელი, პირველი ქალი სინდისის პატიმარი ჟურნალისტია საქართველოში. მზია ამაღლობელი რუსეთში გამდიდრებული ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისთვის მიუღებელი მიუკერძოებელი ჟურნალისტური საქმიანობისა და მისი სამაგალითო სამოქალაქო აქტივიზმის გამო ისჯება. მას არ ჩაუდენია ივანიშვილის რეჟიმის მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი სისხლის სამართლის დანაშაული.
12 იანვრის შემდეგ, როდესაც ოლიგარქმა ტყვეობაში აიყვანა ჩვენი კოლეგა – მზია ამაღლობელი, თითოეულ ჩვენგანს ემუქრება პროფესიული საქმიანობის გამო დაპატიმრების საფრთხე. ქართული ოცნების მმართველობის ბოლო წლებში საქართველოში მკვეთრად გაუარესდა მედიაგარემო.
გარდა იმისა, რომ 2024 წლის ზაფხულში მიღებული რუსული კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ დახურვის საფრთხის წინაშე აყენებს საქართველოში მოქმედ დამოუკიდებელ მედიაორგანიზაციებს, უკიდურესად გახშირდა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ჟურნალისტებზე სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები. ამასთან, დაიწყო მედიის წარმომადგენლების მიმართ რუსული სტილის რეპრესიების განხორციელება.
2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში პროევროპული აქციების გაშუქების დროს, ივანიშვილის რეჟიმის სპეცრაზმელებისა და პოლიციელების მხრიდან ჟურნალისტებზე ძალადობის 90-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ქართული ოცნების საგამოძიებო უწყებებს არც ერთი ეს შემთხვევა არ გამოუძიებიათ და არ დაუსჯიათ ჟურნალისტებზე მოძალადეები. 2024-25 წლებში ოლიგარქის რეჟიმმა არაერთი ჟურნალისტი დააპატიმრა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით და ფულადი ჯარიმების ან რამდენიმედღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლა ისინი.
ის ფაქტი, რომ მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსის "ბრალდებით" დააპატიმრეს აჩვენებს, რომ ოლიგარქის რეჟიმი მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიის წარმომადგენლების დევნის ახალ ეტაპზე გადავიდა, რაც შეთითხნილი ბრალდებებით ჟურნალისტების ციხეში დატყვევებას გულისხმობს, როგორ ეს უკვე მოხდა ბოლო წლებში რუსეთში, ბელარუსში და მეზობელ აზერბაიჯანში.
მოვითხოვთ სინდისის პატიმრის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, მოვუწოდებთ ჟურნალისტთა უფლებების დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მეგობარი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ხმა აიმაღლონ ოლიგარქ ივანიშვილის რეჟიმის მიერ ჟურნალისტების მასობრივად დევნის აქტებზე და დაიცვან მედიის წარმომადგენლები საქართველოში"- აცხადებენ მედიის წარმომადგენლები.
ნეტგაზეთისა და ბათუმელების ხელმძღვანელი მზია ამაღლობელი მე-16 დღეა ციხეში შიმშილობს. საიას ცნობით, მზია ამაღლობელის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება – აუცილებელია დაუყოვნებელი მოქმედება.
***
14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
16 იანვარს სახალხო დამცველმა მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.
მზია ამაღლობელი ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 11-12 იანვრის ღამეს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს და პროტესტის მალევე გაათავისუფლეს, რამდენიმე წუთში კი უკვე სისხლის სამართლის წესით დააკავეს.
მას პოლიციელზე თავდასხმა ედება ბრალად, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.