ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დღეიდან რეფერენტული ფასი დამატებით 300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე ამოქმედდა. უწყების განცხადებით, საერთო ჯამში, ფასის ზედა ზღვარი 1100-ზე მეტ წამალზე მოქმედებს.
"რეფორმის მიზანი ქვეყანაში წამლის ღირებულების შემცირებაა. ცვლილების მიხედვით ფარმაცევტულმა კომპანიებმა დადგენილი ფასებით უნდა იხელმძღვანელონ. იმ შემთხვევაში, თუ აფთიაქები მედიკამენტებს, აღნიშნულ ფასზე ძვირად გაყიდიან დაჯარიმდებიან", - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.
უწყებაში აცხადებენ, რომ წამლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სახელმწიფომ ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტების ღირებულების ის მაქსიმალური ზღვარი დაადგინა, რომელზე მაღალ ფასადაც, მათი რეალიზაცია აიკრძალა - მათი თქმით, ცვლილების შედეგად, ფარმაცევტული პროდუქტის ფასი, საშუალოდ 40%-ით შემცირდება.
სამინისტროში ამბობენ, რომ აღნიშნული მედიკამენტების სია, უახლოეს მომავალში, კიდევ უფრო გაიზრდება და რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი, ეტაპობრივად, სხვა ჯგუფის მედიკამენტებზეც ამოქმედდება.