
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ მასსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი დღეს გაიმართება.
ვოლოდიმირ ზელენსკის პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, რაზე აპირებს ის დონალდ ტრამპთან საუბარს, რაზეც მას პასუხი არ გაუცია, თუმცა დაადასტურა, რომ საუბარი დღეს შედგება.
გუშინ, 18 მარტს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტელეფონით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ესაუბრა.
სატელეფონო საუბარი დაახლოებით 90 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა.
საუბრის შემდეგ თეთრმა სახლმა განცხადება გაავრცელა.
X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ პრეზიდენტებმა მშვიდობისა და უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე ისაუბრეს.
"ორივე ლიდერი შეთანხმდა, რომ ეს კონფლიქტი უნდა დასრულდეს გრძელვადიანი მშვიდობით", - ვკითხულობთ განცხადებაში, სადაც აღნიშნულია, რომ ორივე ლიდერს რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობების გაუმჯობესების იმედი აქვთ.
ამასთან, თეთრი სახლის განცხადების თანახმად, "ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მშვიდობისკენ სვლა ერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე ცეცხლის შეწყვეტით დაიწყება". ასევე, "ტექნიკური მოლაპარაკებებით შავ ზღვაში საზღვაო ცეცხლის შეწყვეტის, სრული ცეცხლის შეწყვეტის და მუდმივი მშვიდობის შესახებ".
საუბრის შესახებ ინფორმაცია კრემლმაც გაავრცელა.
კრემლის ცნობით, საუბრის დროს აღნიშნა, რომ კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილებისა და მისი პოლიტიკური, ასევე დიპლომატიური გზით მოგვარების მიზნით საკვანძო პირობა უნდა იყოს საგარეო სამხედრო დახმარებისა და კიევისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების სრული შეწყვეტა.