პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მან პირობა მიიღო ჩინეთის ხელმძღვანელობისგან, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთს იარაღს არ მიაწვდიან. ამის შესახებ მან დიდი შვიდეულის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე კითხვის საპასუხოდ თქვა.
"სატელეფონო საუბარი მქონდა ჩინეთის ლიდერთან. მან მითხრა, რომ რუსეთს არანაირ იარაღს არ მიჰყიდდა. ვნახოთ... თუ წესიერი ადამიანია, არ მიაწვდის. იმიტომ, რომ ამის სიტყვა მომცა", - თქვა ზელენსკიმ.
დღეს აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებმა, ჯო ბაიდენმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ უსაფრთხოების შეთანხმება გააფორმეს. შეთანხმებას ხელი დიდი შვიდეულის სამიტის ფარგლებში მოეწერა ხელი.
შეთანხმება, რომელზეც საუბარი ორ ქვეყანას შორის ბოლო პერიოდის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა, მომდევნო 10 წლის განმავლობაში უკრაინის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
შეერთებული შტატები გახდა G7-ის ქვეყნებიდან ბოლო და საერთო ჯამში მე-17 ქვეყანა, რომელმაც ხელი მოაწერა მსგავს შეთანხმებას უკრაინასთან.
დღეს, რამდენიმე საათით ადრე უსაფრთხოების შეთანხმებას ხელი მოაწერეს ზელენსკიმ და იაპონიის პრემიერმინისტრმა ფუმიო კიშიდამაც.
შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ ბაიდენმა და ზელენსკიმ პრესკონფერენცია გამართეს.
აშშ-მ და სხვა ქვეყნებმა ხელი მოაწერეს უსაფრთხოების შეთანხმებებს, რათა უკრაინამ საკუთარი თავი დაიცვას ახლა და მომავალში პოტენციური თავდასხმების აღკვეთა შეძლოს:
"აშშ გეგმავს უკრაინას დაეხმაროს ერთი და მეორეც, მაგრამ არა ამერიკელი ჯარისკაცების უკრაინაში გაგზავნით, არამედ იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებით, დაზვერვის გაზიარების გაფართოებით, უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნებით", - თქვა ბაიდენმა.
უკრაინის პრეზიდენტმა კი აღნიშნა, რომ ეს ისტორიული დღეა. მისი თქმით, ეს "უძლიერესი შეთანხმება" ადამიანების სიცოცხლის შენარჩუნება შეუწყობს ხელს.
"რუსეთი რეალური გლობალური საფრთხეა", - თქვა მან.
მისი თქმით, შეთანხმება F-16 გამანადგურებელ თვითმფრინავებსა და სხვა იარაღს მოიცავს: "ამაზე დიდხანს ვმუშაობდით".