
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ გაშვებულ დრონებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ "ვისაც სურს, რომ ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, ასე არ იქცევა".
ზელენსკის ცნობით, რუსებმა უკრაინის მიმართულებით 1020-ზე მეტი თავდასხმის დრონი, თითქმის 1360 მართვადი საჰაერო ბომბი და 10-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა გაუშვეს.
"ამ კვირაში ასობით თავდასხმა ჩვენს ქალაქებზე: ჩერნიგოვი, ხერსონი, დონეცკი, ხარკივი, დნიპრო, ოდესა, პოლტავა, კიევი, მიკოლაევი, ზაპოროჟიე და სუმის რეგიონები. რუსებმა გაუშვეს 1020-ზე მეტი თავდასხმის დრონი, თითქმის 1360 მართვადი საჰაერო ბომბი და 10-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა.
ვისაც სურს, რომ ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, ასე არ იქცევა. ამიტომ ჩვენ ერთობლივად უნდა გავაგრძელოთ ზეწოლა რუსეთზე, რათა ვაიძულოთ შეწყვიტოს მისი აგრესია. საჭიროა გადამწყვეტი ზომები, მათ შორის სანქციები, რომლებიც უნდა იყოს არა მხოლოდ შენარჩუნებული, არამედ მუდმივად გაძლიერებული.
უკრაინა, ევროპა, ამერიკა და ყველა, ვისაც მშვიდობა სურს. ჩვენ ერთად შეგვიძლია უზრუნველვყოთ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა", - წერს ზელენსკი.