უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ყველა სახელმწიფო დარწმუნებული უნდა იყოს, რომ უკრაინასთან ერთად NATO ბევრად ძლიერი გახდება.
ამის შესახებ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას განაცხადა.
"გვქონდა ხანგრძლივი თათბირი ჩვენი გეგმების შესახებ NATO-სა და ევროკავშირში ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობებზე, ჩვენს კომუნიკაციასა და ნაბიჯებზე. ასევე იმ სამუშაოებზე, რომელსაც არასაჯაროდ ვაწარმოებთ მათთან.
მკაფიოდ ფორმულირებული გვაქვს ამოცანა - ჩვენი პრიორიტეტებია, სრულად მოვახდინოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გადაწყვეტილების რეალიზება და შევიმუშაოთ ალიანსის წევრებთან კომუნიკაციებისა და ურთიერთობების ისეთი სისტემა, რომ ყველა სახელმწიფო 100%-ით იყოს დარწმუნებული იმაში, რომ უკრაინასთან ერთად NATO ბევრად ძლიერი გახდება", - ამბობს ზელენსკი.
ამასთან, ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა გახშირებულ სარაკეტო შეტევებზე ილაპარაკა და საჰაერო თავდაცვის ძალებს მადლობა გადაუხადა.