ზელენსკი: ჰამასის ტაქტიკა ისრაელში იგივეა, რაც რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ

ზელენსკი: ჰამასის ტაქტიკა ისრაელში იგივეა, რაც რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ჰამასის ტაქტიკა ისრაელში იგივეა, რაც რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ.

"ჰამასის ტაქტიკა ისრაელში იგივეა, რაც რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ, იგივე ბოროტებაა. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ეს არის ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც თავს დაესხა ისრაელს, მეორე მხარეს კი არის ტერორისტული სახელმწიფო [რუსეთი], რომელიც თავს დაესხა უკრაინას", - თქვა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ტერორიზმთან საბრძოლველად გაერთიანებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ახლა არაა დუმილის ან თავის მოჩვენების დრო, რომ ტერორი რომელიმე კონტინენტზე საერთაშორისო მოვლენებზე არ მოქმედებს.

7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.

ჰამასის თავდასხმის შედეგად ისრაელში დაღუპულთა რიცხვმა 700-ს გადააჭარბა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაშავებულთა რიცხვი ამ დროისთვის 2 200-ს აღემატება.