ზარქუა აბუ-დაბიში დაპირისპირებაზე: თმენის ვალდებულების მიუხედავად, ასეთი რეაგირება გვექნება

ზარქუა აბუ-დაბიში დაპირისპირებაზე: თმენის ვალდებულების მიუხედავად, ასეთი რეაგირება გვექნება

ქართული ოცნების არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატის, ირაკლი ზარქუას მტკიცებით, "ის, რაც აბუ-დაბიში მოხდა, საამაყო არ არის", მაგრამ "თმენის ვალდებულების მიუხედავად, ყოველთვის ასეთი რეაგირება ექნება". ამის შესახებ ზარქუამ ტელეკომპანია იმედის ეთერში ისაუბრა.

ასევე, ზარქუა ირწმუნება, რომ ლაშა გაბიტაშვილმა "მისაღები მიიღო".

"ხმაურიანი მოგზაურობა გამოგვივიდა აბუ-დაბიში. უპირველეს ყოვლისა, მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ მხარდამჭერს, ნაცნობს, უცნობს, ვინც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ გვწერდა და გვამხნევებდა, გვეუბნებოდა, რომ სწორად მოვიქეცით. მაგრამ აქვე მინდა დავძინო, რომ ის რაც მოხდა, საამაყო არ არის, მაგრამ ოჯახის, შვილების, ახლობლების შეურაცხყოფაზე, მიუხედავად თმენის ვალდებულებისა, ყოველთვის ასეთი რეაგირება გვექნება, რადგან კაცები ვართ და ქართველები ვართ. ჯერ პირველ დღეს, საუზმისას ცდილობდა [ლაშა გაბიტაშვილი] პროვოკაცია მოეწყო და მისაღები მიიღო.

მერე მეორე დღესაც, ეს ცოლ-ქმარი, რეჟისურა, დადგმული, როგორ ახერხებდნენ ამას, რომ ის მონაკვეთი გადაეღოთ და შემდეგ გაევრცელებინათ. მესამე დღეს მოხდა ის, რაც მოხდა და ყველამ ნახეთ", - ირწმუნება ზარქუა.

***

13 იანვარს, აბუ-დაბიში მყოფი ქართული ოცნების არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატები, ვიქტორ სანიკიძე და ირაკლი ზარქუა მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მანამდე, 12 იანვარს მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილმა გაავრცელა ვიდეო, სადაც აბუ-დაბიში მყოფ ოცნების არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატებს "გამყიდველები და მოღალატეები" უწოდა.