
სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის კარდიოლოგის, დრაგან დინჩიჩის განცხადებით, ნაკლებად სავარაუდოა სერბეთის ლიდერმა უახლოეს დღეებში "სრულად შეასრულოს თავისი მოვალეობები".
აქედან გამომდინარე, უცნობია გაემგზავრება თუ არა ვუჩიჩი 9 მაისს მოსკოვში, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე, სადაც წასვლის პირობა მან თვეებით ადრე დადო.
ექიმის განცხადებით, სერბეთის პრეზიდენტს, ბოლო 10 წლის განმავლობაში, სამჯერ აღმოაჩნდა მსგავსი პრობლემა, რაც უკიდურესად მაღალ არტერიულ წნევასთანაა დაკავშირებული.
აღნიშნული პრობლემების გამო, ვუჩიჩს ამერიკის შეერთებულ შტატებში განხორციელებული ვიზიტის ნაადრევად დასრულებაც მოუწია.
"დეტალებში ვერ შევალ, მაგრამ ამერიკაში ყოფნისას პრეზიდენტს გულმკერდის არეში ძლიერი ტკივილი განუვითარდა, რომელიც მცირე ხნით გაგრძელდა - მისი თქმით, მხოლოდ რამდენიმე წამი, რაც არ შეესაბამება ოთახში მყოფი სხვა ადამიანების ჩვენებებს, რომლებიც ამბობენ, რომ ტკივილი ცოტა მეტხანს გაგრძელდა", - თქვა დინჩიჩმა.
მისივე განცხადებით, საჭირო გამოკვლევებისა და ტესტების ჩატარების შემდეგ, ექიმებმა დაასკვნეს, რომ ვუჩიჩის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური და დამაკმაყოფილებელია.