
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 16 ივლისს მმართველი ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ სხდომაზე დეპუტატებს განახლებული მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა წარუდგინა.
როგორც Украинская правда-ს ფრაქციის წევრებმა აცნობეს, შეხვედრაზე ზელენსკი დაახლოებით 30 წუთით იმყოფებოდა. მან მადლობა გადაუხადა უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს გაწეული მუშაობისთვის და პრემიერობის კანდიდატად იულია სვირიდენკო წარადგინა.
სვირიდენკოს ხელმძღვანელობით მთავრობის განახლებულ შემადგენლობაში პირველი ვიცე-პრემიერი იქნება მიხაილ ფიოდოროვი - ციფრული ტრანსფორმაციის მოქმედი მინისტრი, რომელიც ინოვაციებზე იქნება პასუხისმგებელი.
თავდაცვის მინისტრის პოსტზე სწორედ ყოფილი პრემიერი შმიგალი განიხილება.
სამი ეკონომიკური მიმართულების - ეკონომიკის, ეკოლოგიისა და აგრარული პოლიტიკის სამინისტროების შერწყმით შეიქმნება ახალი სტრუქტურა, რომელსაც ალექსეი სობოლევი უხელმძღვანელებს - იგი სვირიდენკოს პირველი მოადგილე იყო ეკონომიკის სამინისტროში.
ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ვიცე-პრემიერად ოლგა სტეფანიშინას ნაცვლად თარას კაჩკა დაინიშნება - ისიც სვირიდენკოს მოადგილე იყო. ზელენსკის შეხვედრაზე არ უსაუბრია იმ მოლოდინზე, რომ სტეფანიშინა შეიძლება ევროკავშირში ან აშშ-ში უკრაინის ელჩად გადაინაცვლოს.
სოციალურ პოლიტიკასთან დაკავშირებული სამინისტრო მიიღებს ახალ სახელწოდებას - „ოჯახის, სოციალური პოლიტიკისა და ერთიანობის სამინისტრო“, რომლის ხელმძღვანელად ფინანსთა პირველი მოადგილე დენის ულიუტინი მოიაზრება.
ენერგეტიკის სამინისტროს, ჰერმან ჰალუშენკოს ნაცვლად, სვეტლანა გრინჩუკი უხელმძღვანელებს - მანამდე ის ეკოლოგიის მინისტრი იყო. ჰალუშენკო კი იუსტიციის მინისტრის პოსტზე გადაინაცვლებს.
კულტურის სამინისტრო დროებით დარჩება ხელმძღვანელის გარეშე - კანდიდატზე მსჯელობა გრძელდება. პარალელურად, კულტურის სამინისტროდან გამოეყოფა სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო პოლიტიკის მიმართულებები, რომლებიც უშუალოდ პრემიერ-მინისტრს დაექვემდებარება.
თავიანთ პოსტებს შეინარჩუნებენ: