ვლადიმერ ხუჭუა: შინაგანმა სინდისმა, რწმენამ მიკარნახა, მივიღე სამარათლიანი გადაწყვეტილება

მინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტო და ვაცნობო, რომ ჩემს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გამომდინარეობდა სამართლის უზენაესობის პრინციპიდან. მე ვთვლიდი და ახლაც ვთვლი, ერთი წამით მომავალშიც არ შემეპარება ეჭვი, რომ მივიღე სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტილება.

მე მოვუსმინე მხარეებს, დაახლოებით 15-16 საათის განმავლობაში, ორი დღის მანძილზე მეც ვიხილავდი მოცემულ საქმეს მხარეებთან და მოწვეულ პირებთან ერთად და ამ გამოკვლეულმა მტკიცებულებებმა, ჩემმა შინაგანმა სინდისმა, შინაგანმა რწმენამ, კანონმა, სამართალმა მე მიკარნახა, რომ უნდა მიმეღო ის გადაწყვეტილება, რაც მივიღე და ეს გადაწყვეტილება იყო ერთადერთი სამართლიანი და სწორი გადაწყვეტილება, რაც გამომდინარეობდა საქმის მასალებიდან. [...]

მე გავაკეთე ის სამუშაო, რომელსაც მე მავალებს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კანონმდებლობა, ქართველი ხალხი.

თქვა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ ფორმულას ეთერში.

4 ნოემბერს, მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ თეთრიწყაროსა და წალკის ელექტრონულ უბნებზე შედეგები გააბათილა. მან განაცხადა, რომ ელექტრონული წესით ჩატარებულ არჩევნებზე ხმის ფარულობა დაირღვა. სააპელაციო სასამართლომ თეთრიწყაროს მოსამართლის გადაწყვეტილება გააუქმა.