პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტთან დაკავშირებით ქართული ოცნების მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა "ეწინააღმდეგება საქართველოს ისტორიულ არჩევანს, გახდეს EU-ის წევრი".
ეს განცხადება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა საკანონმდებლო ორგანოში გააკეთა, სადაც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა. სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საიმპიჩმენტო განაცხადს საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატი აწერს ხელს.
გიორგი მსხილაძის თქმით, ის, ვინც პრეზიდენტის იმპიჩმენტის მომხრეა, "ევროინტეგრაციის წინააღმდეგია".
"დღეს ჩემი აქ მოსვლის მიზეზი არის, პირველ რიგში ის, რომ მენახა ხელმოწერები, რომლითაც ქართული ოცნება და უმრავლესობა აპირებს სარჩელით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით. მინდა გითხრათ, რომ დღეიდან დაიწყო ლუსტრაციის პროცესი, რომელიც დაიწყო ზუსტად ამ ხელმოწერებით, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ არჩევანს გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ევროპის ოჯახის. დაიწყო ლუსტრაცია იმის, თუ ვინ იქნება ამის მხარდამჭერი და ვინ აუბამს მხარს ამ პროცესს.
ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ ეს არჩევანი განპირობებულია ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანით, რომელიც გამყარებულია ასევე კონსტიტუციით. შესაბამისად, ვინც მომხრე იქნება იმპიჩმენტის, ის იქნება ქვეყნის ევროინტეგრაციის წინააღმდეგი.
ქართულ ოცნებას და უმრავლესობას მოუწევს ამაზე პასუხის გაცემა, თუ რატომ ახორციელებენ როგორც სიტყვით, დღეიდან უკვე საქმით, როგორც ჩანს, ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი რუსეთის უმაღლესი თანამდებობის პირების მესიჯბოქსს, რომ მათ საქართველოში გარდა პრეზიდენტის აქტივობისა, ყველაფერი აკმაყოფილებთ და ამის შემდეგ რამდენიმე დღეში იწყება პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი. ყველაფერი ნათელია, ვისაც დანახვა უნდა, დაინახავს, ვისაც გაგება უნდა გაიგებს, მეორე ვარიანტი არ არსებობს", - განაცხადა გიორგი მსხილაძემ.
ქართული ოცნება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს. ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ზურაბიშვილი მთავრობის უარის მიუხედავად მაინც გაემგზავრა ევროპაში, რითაც "უხეშად დაარღვია კონსტიტუცია".
კობახიძემ აღნიშნა ისიც, რომ ამ პროცედურის ბოლომდე მისაყვანად საჭიროა 100 პარლამენტარის, მათ შორის ოპოზიციის წევრების ხმებიც, რის გამოც იმპიჩმენტის სისრულეში მოყვანა შეუძლებელია, თუმცა, მანვე განმარტა, რომ ამის მიუხედავად პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება მაინც მიიღეს.
30 აგვისტოს, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზურაბიშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს გამართავდა.
მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში.