"ვინ ბლოკავს საქმის გამოძიებას" - ნიკო კვარაცხელიას დედა ირაკლი შოთაძეს მიმართავს

"ვინ ბლოკავს საქმის გამოძიებას" - ნიკო კვარაცხელიას დედა ირაკლი შოთაძეს მიმართავს

ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს მიმართავს და მისი შვილის მკვლელობის საქმის გამოძიებაზე პასუხებს ითხოვს. ის სოციალურ ქსელში წერს, რომ საქმის გამოძიებას ვიღაც "ბლოკავს" და კითხვებს აჩენს.

"ვფიქრობდი ახლა მაინც ორ სიტყვას იტყოდით ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე, თაროზე შემოდებულ რვა ტომზე, მაგრამ ისევ ამაოდ, ვის ვერ ეწინააღმდეგებით, ვინ ბლოკავს ნიკო კვარაცხელიას საქმის გამოძიებას, რატომ აჩენთ კითხვებს, მე დედამ - იზა ომაძემ, თუკი რამ ვიცოდი, ყველაფერი დეტალურად მოგახსენეთ, თქვენ რაც და ვინც ჩამიდეთ საქმის მასალებში იმ კითხვებს მაინც გაეცით პასუხი, ბატონო ირაკლი", - წერს ის.

22 წლის ნიკო კვარაცხელიას 2021 წლის 15 სექტემბერს ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-მდე ტყვია ესროლეს. ის მეორე დღეს კლინიკაში გარდაიცვალა. მკვლელობაში ბრალდებული ორი პირი - აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე 2021 წლის 7 ოქტომბერს დააკავეს.

შსს-ში აცხადებდნენ, რომ ბრალდებულებმა კვარაცხელიას მკვლელობა დაგეგმეს, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ერთ-ერთი მოქალაქისგან იქირავეს ავტომობილი. 2021 წლის 15 სექტემბერს კი ისინი ჩაუსაფრდნენ კვარაცხელიას, აკო ჭელიძემ მისი მიმართულებით 10-ზე მეტი გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან გიორგი კავილაძესთან ერთად ნაქირავები ავტომანქანით მიიმალა.

2022 წლის 2 თებერვალს კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ საქალაქოს გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა და მსჯავრდებულები ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დამნაშავედ ცნო. სასამართლომ ჭელიძეს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, კავილაძეს კი 16.

გარდა ამისა, 2022 წლის 30 მაისს დააკავეს ძმები კაკულიები - მოკლული ახალგაზრდის ოჯახი მკვლელობის დამკვეთებად სწორედ გურამ და დავით კაკულიებს ასახელებს. კვარაცხელიას ახლობლების თქმით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ გაგარინის ქუჩაზე სწორედ კაკულიებს შეხვდნენ მკვლელობაში მსჯავრდადებული ჭელიძე და კავილაძე.

ძმები კაკულიები რამდენიმე გახმაურებულ კრიმინალურ გარჩევაში ფიგურირებენ. ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ მათ დაუკვეთეს ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა, თუმცა, ოფიციალურად ეს ვერსია არ დასტურდება.

ძმები კაკულიები არაყიშვილზე 2 ადამიანის ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრის საქმეზე დააკავეს და მათ გასულ ზაფხულს პატიმრობა შეეფარდათ. თავად კაკულიები, არც კვარაცხელიას და არც 27 მაისს არაყიშვილის ქუჩაზე სროლის ფაქტთან რაიმე კავშირს არ ადასტურებენ.