
ვინ არის მარკ კარნი – კრიზისების მმართველი ყოფილი ცენტრალური ბანკირი, რომელიც კანადის ახალი ლიდერი იქნება.
კანადის მომავალი ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალბედაა, თუმცა მანამდე ათწლეულები ფინანსურ სექტორში გაატარა, სადაც მთავრობებს გლობალური კრიზისებისა და არასტაბილურობის პერიოდებში გაუძღვა. ახლა ის იმედოვნებს, რომ ამ გამოცდილებას პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოსგან ხელისუფლების გადაბარებისას გამოიყენებს.
მისი უჩვეულო კარიერული გზა შესაძლოა კანადისთვის სასარგებლოც აღმოჩნდეს, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ქვეყანას ეკონომიკური დაპირისპირება ემუქრება სამხრეთ მეზობელთან – აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სავაჭრო ომის გამო.
მარკ კარნი კვირას ლიბერალური პარტიის ლიდერად აირჩიეს, რაც მას წლევანდელ ფედერალურ არჩევნებში კანადის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად აქცევს. მიუხედავად იმისა, რომ აქამდე არანაირ არჩევით თანამდებობაზე არ ყოფილა, წლების განმავლობაში მუდმივად ვრცელდებოდა ვარაუდები იმის შესახებ, როდის გადადგამდა პოლიტიკაში პირველ ნაბიჯს.
ორშაბათს ჟურნალისტებთან საუბარში კარნიმ განაცხადა, რომ ტრუდოს პრემიერ-მინისტრობიდან გადასვლის პროცესი "გლუვი: და "სწრაფი" იქნება, თუმცა კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია.
ლიბერალები კარნის უკვე ათ წელზე მეტია, იწვევდნენ პოლიტიკაში, ხოლო COVID-19-ის პანდემიის შემდეგ ის ტრუდოს ეკონომიკური აღდგენის გეგმებზე კონსულტაციებს უწევდა. თუმცა, მან ოფიციალურად მხოლოდ იანვარში გადაწყვიტა პოლიტიკაში შესვლა, როცა ტრუდომ გადადგომის შესახებ განაცხადა. საინტერესოა, რომ მისი ყველა კონკურენტი უკვე მოქმედი პოლიტიკოსი იყო, ხოლო კარნი უნიკალურ მდგომარეობაში აღმოჩნდა – ის პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებს, თუმცა პარლამენტის წევრი ჯერ არ არის.
ბანკირობიდან პოლიტიკამდე
მარკ კარნი დაიბადა ფორტ-სმიტში, ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიებზე და გაიზარდა ედმონტონში, ალბერტას პროვინციაში. მისი ორივე მშობელი მასწავლებელი იყო. ბავშვობაში მეკარის პოზიციაზე ჰოკეის თამაშობდა.
შემდეგ სწავლა აშშ-ში, ჰარვარდის უნივერსიტეტში გააგრძელა, სადაც ეკონომიკის ხარისხი მიიღო. მოგვიანებით ოქსფორდის უნივერსიტეტში ეკონომიკის მაგისტრის და დოქტორის ხარისხები მოიპოვა.
მისი კარიერაც საერთაშორისო იყო – მან 13 წელი გაატარა "გოლდმან საქსში", სადაც ლონდონს, ტოკიოს, ნიუ-იორკსა და ტორონტოს შორის მოგზაურობდა. 2003 წელს შეუერთდა კანადის ცენტრალურ ბანკს, ხოლო 2008 წელს მისი მმართველი გახდა, როცა მსოფლიო გლობალურ ფინანსურ კრიზისში ჩაეფლო.
ლიბერალური პარტიის ხელმძღვანელობისთვის ბრძოლაში კარნიმ სწორედ ეს პერიოდი მიუთითა, როგორც კრიზისების მართვის გამოცდილების მტკიცებულება. მისი თქმით, "ამ პერიოდში დავიცავი სამუშაო ადგილები და დავასტაბილურე კანადის ეკონომიკა".
მისი საქმიანობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ ბრიტანეთის ბანკმა (Bank of England) მას მმართველის პოზიცია შესთავაზა, რაც უპრეცედენტო შემთხვევა იყო – ეს პოსტი არასდროს დაუკავებია უცხოელს.
მწვანე ეკონომიკის მხარდაჭერა
ბრიტანეთში ყოფნის დროს კარნი კიდევ ერთი გლობალური კრიზისის წინაშე აღმოჩნდა – ბრექსიტი. 2016 წლის რეფერენდუმამდე მან არაერთხელ გააფრთხილა ბრიტანელი ამომრჩევლები, რომ ევროკავშირის დატოვებას ქვეყნის ეკონომიკაზე დამანგრეველი გავლენა ექნებოდა.
2020 წელს, თითქმის შვიდწლიანი მმართველობის შემდეგ, მან დატოვა ბრიტანეთის ბანკი. 2019 წელს კი გახდა გაეროს სპეციალური დესპანი კლიმატის საკითხებსა და ფინანსებში.
"როცა ბრიტანეთის ბანკის გუბერნატორი გავხდი და სადაზღვევო ინდუსტრიას ვაკონტროლებდი, დავინახე, რომ ბოლო 25 წელიწადში ექსტრემალური ამინდის მოვლენების რაოდენობა სამჯერ გაიზარდა, ხოლო მათი ფინანსური ზარალი ხუთჯერ," – განაცხადა კარნიმ ერთ-ერთ ინტერვიუში.
ამის შემდეგ, კლიმატური საკითხები მისი პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გახდა. ის მხარს უჭერს სუფთა ენერგიას, მწვანე ეკონომიკას და დაბალ ნახშირბადიან პოლიტიკას.
კარნი მოითხოვს, რომ ნახშირბადის გადასახადის ტვირთი მომხმარებლების ნაცვლად მსხვილ კომპანიებს დაეკისროთ. ასევე, მან განაცხადა, რომ მისი ხელმძღვანელობით კანადელი მომხმარებლებისა და მცირე ბიზნესისთვის საწვავზე დაწესებული გადასახადი შეიცვლება ფინანსური სტიმულებით, რომლებიც ემისიების შემცირებას წაახალისებს.
ეკონომიკური კონფლიქტი აშშ-სთან
ზოგიერთი ექსპერტის აზრით, კარნის ეკონომიკური გამოცდილება უნიკალურ უპირატესობად შეიძლება იქცეს, რადგან კანადა აშშ-სთან ურთიერთობის გაუარესებისა და სავაჭრო ომის საფრთხის წინაშე დგას.
"ის ძალიან კომპეტენტურია ეკონომიკის საკითხებში. ამ ახალი ტარიფებითა და სავაჭრო ომით ბევრი ადამიანი მხარს უჭერს მას," – განაცხადა ოტავას უნივერსიტეტის პოლიტიკის პროფესორმა შარლ-ეტიენ ბოდისმა.
გასულ თვეს აშშ-მ კანადის პროდუქციაზე 25%-იანი ტარიფები დააწესა, რის შემდეგაც კარნი ღიად დაუპირისპირდა ამ ნაბიჯს და საპასუხო ზომების მიღება მოითხოვა.
კვირას, პარტიის ლიდერად არჩევის შემდეგ, მან ტრამპის ადმინისტრაციის გეგმები მწვავედ გაკრიტიკა:
"ტრამპი ესხმის თავს კანადელ ოჯახებს, მუშებსა და ბიზნესს. ჩვენ ამას ვერ შევეგუებით და არ დავუშვებთ!" – განაცხადა კარნიმ. "ვაჭრობაში, ისევე როგორც ჰოკეიში – კანადა გაიმარჯვებს."
სტატია მომზადებულია CNN-ის მიხედვით.