"ვეღარ დაგიჯერებთ, რომ საქმეს ოდესმე ბოლომდე მიიყვანთ" - კვარაცხელიას დედა გომელაურს

"ვეღარ დაგიჯერებთ, რომ საქმეს ოდესმე ბოლომდე მიიყვანთ" - კვარაცხელიას დედა გომელაურს

ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე სოციალურ ქსელში შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მიმართავს - მისი თქმით, აღარ სჯერა, რომ უწყება საქმეს გახსნის, რადგან უკვე ორი წელი გადის და ბოლომდე არაფერი მიუყვანიათ.

"არა ბატონო მინისტრო! ამაზე უკვე ვეღარ დაგეთანხმებით, ვეღარ დაგიჯერებთ რომ თქვენ ნიკო კვარაცხელიას საქმეს გახსნით და ხელისგულზე დადებულ საქმეს ოდესმე ბოლომდე მიიყვანთ! იქნებ ძიება შეწყვიტეთ კიდეც, ან დამკვეთებს და მათ ხელშემწყობებს მომავალი ტერორისტული აქტისთვის ამზადებს მავანი. ვითხოვ პასუხს, პირადად თქვენგან ასე ღიად და საჯაროდ, სად არის ჩემი შვილის საათი, რა მოტივით მომიკლეს შვილი და როდის აღსრულდება სამართალი?", - წერს ის Facebook-ზე.

ნიკო კვარაცხელიას დედამ ისაუბრა საათზეც, რომელიც მის შვილს მკვლელობის დღეს ეკეთა, თუმცა მას შემდეგ ის ოჯახს არ უნახავს - როგორც მოგვიანებით იზა ომაძეც დაწერა, Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის შემდეგ, მას გამომძიებელი დაუკავშირდა და უთხრა, რომ საათი ამ დრომდე ექსპერტიზას ჰქონდა.

22 წლის ნიკო კვარაცხელიას 2021 წლის 15 სექტემბერს ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-მდე ტყვია ესროლეს. ის მეორე დღეს კლინიკაში გარდაიცვალა. მკვლელობაში ბრალდებული ორი პირი - აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე 7 ოქტომბერს დააკავეს.

შსს-ში აცხადებდნენ, რომ ბრალდებულებმა კვარაცხელიას მკვლელობა დაგეგმეს, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ერთ-ერთი მოქალაქისგან იქირავეს ავტომობილი. 15 სექტემბერს კი ისინი ჩაუსაფრდნენ კვარაცხელიას, აკო ჭელიძემ მისი მიმართულებით 10-ზე მეტი გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან გიორგი კივილაძესთან ერთად ნაქირავები ავტომანქანით მიიმალა.

2 თებერვალს კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ საქალაქოს გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა და მსჯავრდებულები ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დამნაშავედ ცნო. სასამართლომ ჭელიძეს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, კავილაძეს კი 16.