ნაციონალური მოძრაობის ანტიკორუფციული მიმართულების მდივანი, ვასო ურუშაძე გრიგოლეთი-სამტრედიის საავტომობილო მაგისტრალზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ქართული ოცნების "კორუმპირებული ხელისუფლების პირობებში" 9 წელია ამ გზის მშენებლობაზე საუბარი უწევთ.
მისი თქმით, 2013 წლიდან სამი კომპანია გამოიცვალა, თუმცა ეს სამუშაოები კეთილსინდისიერად ვერცერთმა ვერ შეასრულა.
"ჩვენ ახლა ვიმყოფებით გრიგოლეთი-სამტრედიის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობის ადგილას, რიონის ხიდზე, რომელიც 6 თვის წინ, ამ წლის თებერვალში ჩამოინგრა და ჩვენ ყველამ ვნახეთ, რა მდგომარეობა შეიქმნა აქ.
გვახსოვს ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებები, რომ "არ გამოვიტანოთ წინასწარი დასკვნები, ცოტაც მოვითმინოთ, რიონის დონზე დაიწევს, ჩართავენ აკვალანგებს, ჩართავენ ექსპერტებს და ძალიან მალე აღდგება სარემონტო-სამშენებლო სამუშაოები". 6 თვე გავიდა და აქ არც აკვალანგები არიან, არც ექსპერტების დასკვნა გვიხილავს და არც არანაირი სამუშაოები არ მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია, გავიხსენოთ, რა პროცესი მიმდინარეობს და უკავშირდება სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობას.
[...] მნიშვნელოვანია, გავაცნობიეროთ ყველამ, რომ ეს გზა არ აკავშირებს მხოლოდ გრიგოლეთს და სამტრედიას, ან ფოთს და თბილისს, ეს გზა აკავშირებს საფრანგეთს ყაზახეთსა და ჩინეთთან - ქართული ოცნების კორუმპირებული ხელისუფლების პირობებში, ჩვენ 9 წელია ვსაუბრობთ სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მშენებლობაზე და სამწუხაროა, რომ დღეს ისევ გვიწევს ამ განცხადების გაკეთება და კიდევ ერთხელ დადასტურება იმისა, რომ ხელისუფლებას მართავს ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული კლანი, რომელიც არის გახრწნილი, კორუფციული და ატარებს საქართველოში ანტისახელმწიფოებრივ ინტერესებს", - აცხადებს ის.
გუშინ პრობლემები შეიქმნა გზებზე - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში ოზურგეთისა და ჩოხატაურის დამაკავშირებელი გზა ჩაინგრა. საავტომობილო გზების დეპარტამენტში ამბობენ, რომ ამ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, გზის აღდგენის სამუშაოები კი "უმოკლეს ვადებში დაიწყება". ამასთან, გავრცელა ინფორმაციამ რომ გზა ჩამოიშალა ონშიც, რის შედეგადაც მოძრაობა პარალიზებული იყო.