
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაცია პარიზში, ელისეის სასახლეში უკრაინული, ევროპული და ამერიკული მხარეების შეხვედრის შემდეგ განცხადებას ავრცელებს.
"მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები მდგრადი და გრძელვადიანი მშვიდობის წინ გადადგმულ შემდგომ ნაბიჯებზე, კერძოდ, ცეცხლის სრული შეწყვეტის განხორციელებაზე, უსაფრთხოების გარანტირებისთვის მრავალეროვნული სამხედრო კონტინგენტის განლაგებასა და უკრაინის უსაფრთხოების ეფექტური არქიტექტურის შემუშავებაზე", - ნათქვამია განცხადებაში.
შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივენ უიტკოფი, სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო და ტრამპის წარმომადგენელი უკრაინაში, კიტ კელოგი.
უკრაინის დელეგაციას თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკი ადმინისტრაციის უფროსი, ანდრეი ერმაკი ხელმძღვანელობდნენ.
ასევე, მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის, მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ემანუელ ბონი, ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, კირ სტარმერის, მრჩეველი ჯონათან პაუელი და გერმანიის კანცლერის მრჩეველი იენს პლოტნერი.