უკრაინის გენპროკურატურა: დატბორილი დასახლებებიდან 40 000-მდე ადამიანის ევაკუაციაა საჭირო

უკრაინის გენპროკურატურა: დატბორილი დასახლებებიდან 40 000-მდე ადამიანის ევაკუაციაა საჭირო

უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე ვიქტორია ლიტვინოვა აცხადებს, რომ კახოვკას ჰესის კაშხლის აფეთქების შედეგად დატბორილი დასახლებებიდან 40 000-მდე ადამიანის ევაკუაციაა საჭირო. მისი თქმით, ამ ადამიანთა უმეტესობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება.

"უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 17 ათასზე მეტი ადამიანი ექვემდებარება ევაკუაციას, უკრაინის მთავრობამ უკვე დაიწყო ევაკუაცია. გარდა ამისა, უკრაინის მიერ უკონტროლო ტერიტორიაზე უნდა მოხდეს 25 ათასამდე ჩვენი მოქალაქეების ევაკუაცია, რომლებზეც საოკუპაციო "ხელისუფლება" საერთოდ არ ფიქრობს", - განაცხადა გენპროკურორის მოადგილემ.

გენერალური პროკურორის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ დატბორილ დასახლებებზე ცხოვრება ამჟამად შეუძლებელია.

"ზონაში, რომელიც დაიტბორა 80-მდე დასახლებული პუნქტი იყო. დაზიანდა და განადგურდა სახლები. კახოვკას არხი, რომელიც წყლით ამარაგებს ოკუპირებულ ბერდიანსკს, ზაპოროჟიესა და დნიპროპეტროვსკის რეგიონების დასახლებების უმეტესობას, შესაძლოა უწყლოდ დარჩეს", - განაცხადა ლიტვინოვამ.

მან დასძინა, რომ გართულებულია ოკუპირებულ ყირიმში წყლის მარაგის მიწოდებაც.

"უკრაინის სამხრეთში სარწყავი სისტემის დამატებითი პრობლემაა. მიწის ნაკვეთები დატბორილია და ვერ გამოიყენება დანიშნულებისამებრ. ნიადაგის დეგრადაცია, ფლორისა და ფაუნის ცვლილება გველოდება", - განაცხადა გენპროკურორის მოადგილემ.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, შუადღის 15:00 საათის მდგომარეობით ხელისუფლებამ 1 300-მდე ადამიანის ევაკუაცია მოახდინა.

***

დღეს რუსებმა უკრაინაში, ხერსონის ოლქში კახოვსკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს. სადგურის განადგურებაში რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს.

ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ალექსანდრ პროკუდინის თქმით, "ახლა ზუსტდება ნგრევის მასშტაბები, წყლის სიჩქარე და მოცულობა, დატბორვის სავარაუდო ადგილები".

მისივე თქმით, სახიფათო ტერიტორიებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. პროკუდინმა, ასევე, აღნიშნა, რომ წყალი კრიტიკულ დონეს 5 საათში მიაღწევს.