უკრაინელმა მოფარიკავემ საქართველოს სახელით მოასპარეზე გუჩმაზოვას ხელი არ ჩამოართვა

უკრაინელმა მოფარიკავემ საქართველოს სახელით მოასპარეზე გუჩმაზოვას ხელი არ ჩამოართვა

ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის შემდეგ უკრაინელმა მოფარიკავემ ელენა კრივიცკაიამ საქართველოს სახელით მოასპარეზე მაია გუჩმაზოვას ხელი არ ჩამოართვა. ტურნირი შვეიცარიის ქალაქ ბაზელში მიმდინარეობს.

შეხვედრა კრივიცკაიას გამარჯვებით, ანგარიშით 15:9 დასრულდა. გუჩმაზოვა უკმაყოფილო იყო კონკურენტის საქციელით, რომელმაც ხელის ჩამორთმევაზე უარი თქვა.

როგორც ეხო კავკაზა წერს, გუჩმაზოვა წარმოშობით ვლადიკავკაზელია, რომელიც 2017 წლიდან საქართველოს სახელით ასპარეზობს. შემთხვევასთან დაკავშირებით კი მისი კომენტარი რუსულმა მედიებმა გაავრცელეს.

"აიღეთ იარაღი და იბრძოლეთ, დაიცავით სამშობლო. ნუ მოგზაურობთ შვეიცარიაში სახელმწიფო ფულის ხარჯზე შეჯიბრებებზე დასასწრებად და ნუ ფარიკაობთ", - მიმართა მან უკრაინელ სპორტსმენებს და დასძინა, რომ მსგავს საქციელს არ ელოდა, რადგანაც დიდი ხანია მეტოქეს იცნობს და წარსულში ნორმალური ურთიერთობები ჰქონდათ.

"მე რომ ასე გამეკეთებინა, დისკვალიფიკაციას მივიღებდი", - თქვა გუჩმაზოვამ.

ეხო კავკაზა აღნიშნავს, რომ კრივიცკაიამ თავისი ქმედება არ განმარტა. გამოცემამ ასევე გუჩმაზოვასთან სცადა დაკავშირება.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის დისციპლინური კომისია განიხილავს გუჩმაზოვას საქციელს, რომელმაც ასპარეზობის შემდეგ უცენზურო ლექსიკა გამოიყენა.

"ჩვენთვის ცნობილია აღნიშნული ფაქტი. მატჩის დასრულების შემდეგ მსაჯს არც ერთი მხარე არ გაუფრთხილებია", – განაცხადეს ფედერაციაში.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი 2021 წლის სტატიაში წერდა, რომ მაია გუჩმაზოვას მშობლები წარმოშობით ძამას ხეობიდან არიან, თუმცა მათ ქარელის რაიონი დატოვეს და ვლადიკავკაზში გადავიდნენ საცხოვრებლად. გამოცემასთან გუჩმაზოვა აღნიშნავდა, რომ საქართველოში ჰყავდა ბებია და ყოველ წელს სტუმრობდა მას.