რუსული პროპაგანდისტული და სამხედრო ტელეგრამ არხები წერენ, რომ 7 აგვისტოს ღამეს უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის კურსკის ოლქში შევიდნენ და სასაზღვრო ზონაში გამაგრდნენ. უკრაინული მხარე კურსკის ოლქში განვითარებული მოვლენების შესახებ ჯერ არაფერს ამბობს.
პირველი ცალკეული შეტყობინებები იმის შესახებ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქში გადავიდნენ 6 აგვისტოს გაჩნდა.
ტელეგრამარხი "რიბარი", რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან არის დაახლოებული, წერს, რომ უკრაინულმა ძალებმა დაიკავეს სოფლები ნიკოლაევო-დარინო, სვერდლიკოვო და დარინო, ეს უკანასკნელი უკრაინის საზღვრიდან 4 კილომეტრში მდებარეობს. გარდა ამისა, არხი ამტკიცებს, რომ უკრაინა ცდილობდა, კონტროლი დაემყარებინა ერთ-ერთ საავტომობილო მაგისტრალზე. უკრაინელი სამხედროები სუჯას გარეუბანში - გონჩაროვკასკენ (საზღვრიდან 8 კილომეტრში) დაწინაურდნენ, სადაც, დაუდასტურებელი ინფორმაციით, ბრძოლები მიმდინარეობს. გარდა ამისა, ბრძოლები მიმდინარეობს სასაზღვრო სოფელ ოლეშნიაში.
სამხედრო ტელეგრამ არხი "ორი მაიორი" აღნიშნავს, რომ უკრაინული ძალები იმყოფებიან დასახლებულ პუნქტებში - დარინო, სვერდლიკოვი, გოგოლევკა, გონჩაროვკა, ხოლო ოლეშნიაში რუსული საყრდენი პუნქტი აიღეს კონტროლ ქვეშ. "ორი მაიორი" წერდა, რომ "დაკავებული ტერიტორიებიდან უკრაინული ძალების გადევნა შეუძლებელი იყო", ქალაქი სუჯა კი "ფაქტობრივად ევაკუირებულია". არხის ინფორმაციით, 7 აგვისტოს ღამეს რუსული სამხედრო თვითმფრინავები და დრონები ქალაქ სუჯას მიდამოებში დარტყმებს ახორციელებდნენ. არხი ასევე ირწმუნება, რომ "ღია წყაროების მიხედვით", კურსკის ოლქში ფრონტის სიგანე 10-11 კილომეტრია. ვიწრო ფრონტზე უკრაინის შეიარაღებული ძალები სუჯას დასავლეთით 10 კილომეტრით დაწინაურდნენ.
"რიბარის" ინფორმაციით, საერთო ჯამში კურსკის ოლქში შეიარაღებული ძალების 400 სამხედრო შევიდა, ხოლო კიდევ 2 ათასი საზღვრის გასწვრივ არის მობილიზებული. ტელეგრამ არხი "Z სპეცნაზის არქანგელოზი" ამტკიცებს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბრძოლაში ორი ბატალიონი, 800 სამხედრო გამოიყენა, რომელიც სუჯის მიმართულებით დაიძრა.
კურსკის ოლქის ხელმძღვანელმა ალექსეი სმირნოვმა 7 აგვისტოს დილით განაცხადა, რომ რეგიონი "გმირულად ეწინააღმდეგება უკრაინელ ნაცისტებს".
6 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სასაზღვრო რაიონის დასახლებებს ნიკოლაევო-დარინოსა და ოლეშნიას უკრაინის შეიარაღებული ძალების 300 სამხედრო დაესხა თავს, 11 ტანკისა და 20-მდე სამხედრო მანქანის დახმარებით. უწყებაში განაცხადეს, რომ ბრძოლების შედეგად უკრაინის 16 ერთეული ჯავშანტექნიკა გაანადგურეს. ამავე დღეს საღამოს კი სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინულმა დანაყოფმა, რომელიც კურსკის ოლქში შეჭრას ცდილობდა, უკან დაიხია. მოგვიანებით ეს განცხადება წაიშალა.
უკვე 7 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამით რუსმა სამხედროებმა უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურებთან ერთად "განაგრძეს უკრაინის შეიარაღებული ფორმირებების განადგურება, რომლებიც უშუალოდ რუსეთი-უკრაინის საზღვარზე მიმდებარედ იყვნენ".