"უკრაინა არ ერევა და არ გეგმავს ჩარევას საქართველოს შიდა საქმეებში"- უკრაინის საგარეო სუს-ზე

"უკრაინა არ ერევა და არ გეგმავს ჩარევას საქართველოს შიდა საქმეებში"- უკრაინის საგარეო სუს-ზე

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გადატრიალების გეგმებსა და მასში უკრაინული მხარის სავარაუდო ჩართულობაზე და აცხადებს, რომ უკრაინა საქართველოს საშინაო საქმეებში არ ერევა.

უწყების პრესსპიკერის ოლეგ ნიკოლენკოს განცხადებით, სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

"საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება კიდევ ერთხელ ცდილობს უკრაინის დემონიზებას შიდაპოლიტიკური საკითხების მოსაგვარებლად. უკრაინის სახელმწიფო არ ჩარეულა, არ ერევა და არ გეგმავს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას"- წერს ნიკოლენკო.

***

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში "დესტაბილიზაცია და სამოქალაქო არეულობის მოწყობა" იგეგმება. უწყება განცხადებაში აღნიშნავს, რომ ამას "საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი" გეგმავს.

სუს-ში ამტკიცებენ, რომ ამის საბოლოო მიზანი "ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლაა". მათი განცხადებით, "დესტრუქციული პროცესების დაწყების" თარიღებად შერჩეულია მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდი, როდესაც ევროკომისიის შუალედური და ევროკავშირის საბოლოო დასკვნა უნდა გამოქვეყნდეს. უწყების თქმით, "სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად მომზადების შეთქმულთა მოლოდინი" გათვლილია იმ გარემოებაზე, რომ გამოქვეყნებული დასკვნა იქნება უარყოფითი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამ გეგმის ავტორებად კონკრეტულ პირებს ასახელებენ - სუს საუბრობს საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილესა და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძეზე, ასევე, მის დაქვემდებარებაში მყოფ ქართული წარმოშობის მქონე პირებზე, მათ შორის მამუკა მამულაშვილზე.

"სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა", ანუ სუს-ის დაუსრულებელი საქმეების არქივი