თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთს მარცვლეულის შეთანხმების აღდგენისკენ მოუწოდებს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთს მარცვლეულის შეთანხმების აღდგენისკენ მოუწოდებს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი რუსეთს მარცვლეულის შეთანხმების აღდგენისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან განცხადება მოსკოვში, მის კოლეგა სერგეი ლავროვთან ერთად გამართული პრესკონფერენციის დროს გააკეთა.

ფიდანმა ხაზი გაუსვა მარცვლეულის შეთანხმების აღდგენის მნიშვნელობას და კიდევ ერთხელ დაადასტურა თურქეთის მზაობა, წვლილი შეიტანოს ამ მიმართულებით ძალისხმევაში.

"ჩვენ გავაგრძელებთ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების აღდგენაზე მუშაობას, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გლობალური სასურსათო უსაფრთხოებისთვის, სტაბილურობისა და შავი ზღვის რეგიონში მშვიდობისთვის.

გაერომ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების აღდგენაზე შეთავაზების ახალი პაკეტი მოამზადა. მივიჩნევთ, რომ ეს სათანადო ნიადაგს უზრუნველყოფს შეთანხმების აღსადგენად", - თქვა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

17 ივლისს, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებას აჩერებს. კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთთან დაკავშირებული შეთანხმების ნაწილი არ შესრულდა.

13 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, რუსეთი შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებას დატოვებს. მან ასევე თქვა, რომ გაერომ ვერ შეძლო საკითხის ისე გადაწყვეტა, რომ დაკმაყოფილებულიყო რუსული მხარის მოთხოვნებიც.