მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD) ხელმძღვანელი ლევან ცუცქირიძე, რომელმაც ახალი პოლიტიკური მოძრაობა - "თავისუფლების მოედანი" დააფუძნა ამბობს, რომ თანამშრომლობას განიხილავენ პარტიებთან, რომლებისთვისაც ანტიდემოკრატიული კურსი მიუღებელია.
ეს განცხადება ლევან ცუცქირიძემ პოლიტიკური მოძრაობის სამუშაო შეხვედრამდე გააკეთა, სადაც საარჩევნო კამპანიის ხასიათსა და გეგმებზე იმსჯელებენ.
კითხვაზე, შესაძლოა თუ არა პლატფორმა იქცეს ცალკე პოლიტიკურ პარტიად, ლევან ცუცქირიძემ თქვა, რომ საკუთარ თავს ხედავენ "როგორც არჩევნების დღეს, ასევე არჩევნების შემდეგაც". მან ასევე აღნიშნა, რომ აქვთ კონსულტაციები სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან.
"ჩვენ ამ ეტაპზე ვფიქრობთ იმას, რომ ხელი შევუწყოთ ინკლუზიური პოლიტიკური კოალიციის მშენებლობას, ამ ეტაპზე ვართ მოძრაობა, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ თავს ვხედავთ მომავალში კიდევ უფრო პირდაპირ, კიდევ უფრო აქტიურად პოლიტიკურ პროცესში. [...] ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ჩვენ ჩვენ თავს ვხედავთ პოლიტიკურ პროცესში, წინასაარჩევნო კამპანიაში, ჩვენ ჩვენ თავს ვხედავთ არჩევნების დღეს და არჩევნების შემდეგაც, ამიტომ, ეს ბუნებრივია მოიცავს არჩევნებში მონაწილეობასაც. [...]
წითელი ხაზები გადის შეუწყნარებლობაზე, პრორუსულობაზე, ანტიდემოკრატიულ შეხედულებებზე, რუსული კანონის მხარდაჭერაზე და ზოგადად ამ ანტიევროპულ კურსზე, დანარჩენი, დღევანდელი შეხვედრა სწორედ იმას ემსახურება, რომ ჩვენ ჩვენი ნათელი კრიტერიუმები გამოვხატოთ, ნათელ კრიტერიუმებზე შევთანხმდეთ, კონსულტაციები ბევრთან გვქონდა და ამის შემდეგ უკვე გამოჩნდება, ვინ არიან ყველაზე ახლოს ჩვენს შეხედულებებთან", - ამბობს ლევან ცუცქირიძე.