თსუ-ის აკადემიური პერსონალი ოცნების ანტიევროპულ გადაწყვეტილებას ემიჯნება

თსუ-ის აკადემიური პერსონალი ოცნების ანტიევროპულ გადაწყვეტილებას ემიჯნება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ კონსტიტუციისა და ევროკავშირში ინტეგრაციის კურსის ღალატის ნებისმიერ მცდელობას ემიჯნება.

ამასთან, ისინი თსუ-ის აკადემიურ საბჭოს შესაბამისი განცხადების გაკეთებისკენ მოუწოდებენ.

"კატეგორიულად ვემიჯნებით საქართველოს კონსტიტუციისა და ევროკავშირში ინტეგრაციის კურსის ღალატის ნებისმიერ მცდელობას.

ვგმობთ სამართლიანი და მშვიდობიანი პროტესტის ძალისმიერი ჩახშობის ყველა გამოვლინებას.

მოვუწოდებთ თსუ-ის აკადემიურ საბჭოს, გააკეთოს შესაბამისი განცხადება", - ვკითხულობთ განცხადებაში.

***

საპროტესტო აქცია გრძელდება - მომიტინგეები თსუ-ის პირველ კორპუსთან იმყოფებიან. გადაკეტილია გზა და ადგილზე იმყოფებიან პოლიტიკური ლიდერებიც.

საპოლიციო ძალებმა დილის 7 საათიდან რუსთაველის გამზირის დემონსტრანტებისგან გაწმენდა დაიწყეს. მოქალაქეებმა ჯერ რესპუბლიკის მოედანზე გადაინაცვლეს, შემდეგ კი ფილარმონიასთან, საიდანაც თსუ-ისკენ დაიძრნენ.

სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რამდენჯერმე გამოიყენა წყლის ჭავლი და ე.წ. გაზის კაფსულები. აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს.