შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს, რომელსაც ცოლზე ძალადობას ედავებიან, ქუთაისის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა. პროკურატურა პატიმრობას მოითხოვდა.
გამოძიების ვერსიით, 2023 და 2024 წლებში, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ბრალდებული თავის მეუღლეზე ფიზიკურად ძალადობდა და მას სიცოცხლის მოსპობითა და ქონების განადგურებით ემუქრებოდა.
ბრალდებული ბრალს უარყოფს.
პროკურატურა გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.
"რაც შეეხება მტკიცებულებებს, საქმეში არის როგორც დაზარალებულის ჩვენება, გამოკითხვის ოქმი, სადაც ის მიუთითებს ბრალდებულის მხრიდან მის მიმართ ძალადობის არაერთ ეპიზოდზე, ასევე მუქარაზე, როგორც სიცოცხლის მოსპობის, ისე ქონების განადგურების. ამას ადასტურებენ დაზარალებულის არასრულწლოვანი შვილები. გარდა ამისა, დაზარალებულის ტელეფონიდან გამოთხოვილია ბრალდებულის მიერ მისთვის გაგზავნილი მუქარის შემცველი როგორც მოკლე ტექსტური, ისე ხმოვანი შეტყობინებები", - განაცხადა პროკურორმა.