"ცოლს სცემდა, მოქალაქეს მოკვლით ემუქრებოდა"- საგამოძიებომ 4 სამართალდამცავი ამხილა
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გვისტოს თვეში, თბილისსა და აჭარაში, ჩატარებული გამოძიების შედეგად, 4 სამართალდამცავი ძალადობრივ დანაშაულში ამხილა.
- დანაშაულში მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი გ.გ., რომელიც 2023 წლის 8 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტისას ცეცხლსასროლი იარაღით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მოქალაქეს. პროკურატურამ მას ბრალდება მუქარისთვის წარუდგინა.
- დანაშაულში მხილებულია შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ს.ა., რომელიც მეუღლეს, სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას და ამცირებდა. მიმდინარე წლის აგვისტოში კი ცოლს მათი შვილის სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ბრალდებული დააკავეს ოჯახში ძალადობის და მუქარისთვის. დანაშაული 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- დანაშაულში მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელიც, რომელმაც 2023 წლის 2 ივლისს, გორში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მოქალაქეს. საქართველოს პროკურატურამ მას ძალადობისა და მუქარისთვის ბრალდება წარუდგინა.
- სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დანაშაულში, ასევე, მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი გ.ჭ, რომელმაც 2022 წლის ნოემბრის თვეში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო შემდგომში სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. პროკურატურამ მას ძალადობისა და მუქარისთვის ბრალდება წარუდგინა.
"სპეციალური საგამოძიებო სამსახური მისი მანდატის ფარგლებში ინტენსიურად აგრძელებს არასათანადო მოპყრობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და სხვა ძალადობრივი დანაშაულების გამოძიებას. გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდება ინფორმაცია"- აცხადებენ უწყებაში.