ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ქართული ოცნების რეჟიმმა საქართველო ავტოკრატიულ კლუბში შეიყვანა.
პეტრე ცისკარიშვილმა ოპოზიციის გეგმებსაც გაუსვა ხაზი და თქვა, რომ არჩევნებამდე 4 თვით ადრე უნდა გაერთიანდეს ძალისხმევა, ენერგია, რათა ჩატარდეს რეფერენდუმი და "საბოლოოდ მოვიშოროთ ავტოკრატიული რეჟიმი".
"ჩვენ საერთოდ არ გვაინტერესებს მათი სამოგზაურო გეგმები როგორია, გვაინტერესებს ამ ქვეყნის ბედი, საქართველო, რომელიც ოდესღაც იყო პირველ ათეულში, რომელიც ვითარდებოდა, პროგრესს განიცდიდა, ევროპას და აშშ-ს უახლოვდებოდა, მისაბაძი მაგალითი იყო მთელი რეგიონისთვის. ჩვენი ქვეყანა და სამშობლო ამ ადამიანებმა შეიყვანეს ნიკარაგუასთან და ზიმბაბვესთან ერთად ავტოკრატიულ კლუბში.
ჩვენ ახლა მართლაც ცოტა დრო გვაქვს, 4 თვეზე მეტი რჩება გადამწყვეტ საპარლამენტო არჩევნებამდე, რისთვისაც ყველა ერთად უნდა მოვემზადოთ. ოპოზიციამ უნდა გააერთიანოს ძალისხმევა, ენერგია, რესურსები, რომ მართლაც ოქტომბერში ჩატარდეს რეფერენდუმი და ქართველმა ხალხმა აირჩიოს, რა გზით უნდა მომავალში ამ ქვეყნის განვითარება. იმიტომ რომ, რეალურად ჩვენს ქვეყანას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, პერსპექტივა, რომ არა მხოლოდ გავხდეთ უახლოეს წლებში ევროკავშირის წევრი, არამედ მივაღწიოთ შეერთებულ შტატებთან რეალურ, ღრმა და ყოვლისმომცველ სტრატეგიულ თანამშრომლობას, რომელიც შეეხება პოლიტიკურ, სამხედრო, ეკონომიკურ სფეროებს და ამ ყველაფრის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის საბოლოო მიზანიც ის არის რომ უვიზო მიმოსვლა იარსებებს საქართველო-აშშ-ს შორის.
ეს უნდა გავაკეთოთ, ამას მივაღწიოთ, ოღონდ ამას სჭირდება გამარჯვება და რეფერენდუმამდე ისე უნდა მივიდეთ, რომ ოპოზიცია იყოს მაგარ ფორმაში, დავამარცხოთ ეს ფესვგადგმული რეჟიმი, რომელსაც ადამიანების მოსყიდვაც შეუძლია, მაგრამ ჩვენ ამ ძალისხმევას რომ გავაერთიანებთ და რეფერენდუმს ჩავატარებთ, ხალხის ნებას ვერაფერი წინ ვერ დაუდგება", - თქვა პეტრე ცისკარიშვილმა ბრიფინგზე.