ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, ხმის მიცემის უფლების მქონე ემიგრანტების რაოდენობა 95 834-ს შეადგენს.
ცესკოს ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ისინი ხვალინდელ სხდომაზე საზღვარგარეთ დამატებით 7 უბნის გახსნაზე იმსჯელებენ. ასევე, ისრაელში უკვე გახსნილი საარჩევნო უბნის საკითხს განიხილავენ, რომელიც იქ მდებარე საარჩევნო უბნის ფუნქციონირებასთანაა დაკავშირებული.
"საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სხვა შესაბამისი უწყებებიდან მიღებული განახლებული მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლების მქონე ამომრჩეველთა რაოდენობას შეადგენს 95 834 მოქალაქე.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 26 სექტემბრის სხდომაზე ცესკომ პარლამენტის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ მყოფი საარჩევნო უფლების მქონე 65 508 პირისთვის 42 ქვეყანაში 60 უბანი შექმნა. განახლებული მონაცემების საფუძველზე კი ცესკოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილება დამატებით 30 326 ამომრჩევლისთვის ხმის მიცემის უზრუნველყოფის მიზნით დამატებით საარჩევნო უბნის გახსნის საკითხი. კერძოდ საუბარია დამატებით 7 უბნის გახსნის შესახებ", - განმარტავს ცესკო.
ცესკოს თქმით, ეს საბოლოო მონაცემი არ არის და შესაბამის უწყებებთან ინფორმაციას კვლავ აზუსტებენ.
"ხვალ ცესკოს სხდომაზე ასევე განიხილება ისრაელში უკვე გახსნილი საარჩევნო უბნის საკითხი. აღნიშნული საფუძველს წარმოადგენს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან. ცესკოში შემოსული წერილი, სადაც საუბარია, იმ გარემოებებისა და რისკების შესახებ, რომელიც უკავშირდება ისრაელში, ქალაქ რამათგანში შექმნილ ვითარებას და ამ სიტუაციაში საარჩევნო უბნის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხებს", - განაცხადეს ცესკოს ბრიფინგზე.