ცესკოს დღევანდელი სხდომის გადაწყვეტილებით, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის დამატებით 7 საარჩევნო უბანი გაიხსნება. ჯამში უცხოეთში 67 საარჩევნო უბანი იქნება.
ათენსა და ნიუ-იორკში 4-4 საარჩევნო უბანი იქნება, სალონიკში 3 უბანი, ბერლინში, ბარსელონაში, რომსა და პარიზში კი 2-2 უბანი. უბნები იმ ქალაქებში დაამატეს, სადაც საარჩევნო უბნები უკვე იყო.
ასევე, ცესკომ დღევანდელ სხდომაზე სამსჯელოდ არ მიიღო ისრაელში ერთადერთი საარჩევნო უბნის გაუქმების საკითხი, რომელზეც საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიმართა და უსაფრთხოების რისკებს უკავშირდებოდა.
ხმის მიცემის უფლების მქონე ემიგრანტების რაოდენობა 95 834-მდე გაიზარდა.
26 სექტემბრის სხდომაზე ცესკომ პარლამენტის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ მყოფი საარჩევნო უფლების მქონე 65 508 პირისთვის 42 ქვეყანაში 60 უბანი შექმნა. სწორედ დამატებით 30 326 ამომრჩევლისთვის ხმის მიცემის უზრუნველყოფის მიზნით განიხილა ცესკომ დამატებითი უბნების გახსნა.