ცესკო: ISFED ცდილობს, 11 უბანზე დაშვებული უზუსტობები "მნიშვნელოვან შეუსაბამობად" მონათლოს

ცესკო: ISFED ცდილობს, 11 უბანზე დაშვებული უზუსტობები "მნიშვნელოვან შეუსაბამობად" მონათლოს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მტკიცებით, არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები "ამომრჩეველთა თემით მანიპულაციას აგრძელებს", ასევე, ცესკო ირწმუნება, რომ ISFED ცდილობს 11 უბანზე დაშვებული უზუსტობები „მნიშვნელოვან შეუსაბამობად" მონათლოს, მით უფრო, წარმოაჩინოს არჩევნების გაყალბების დამადასტურებელ ფაქტად". ამის შეახებ ინფორმაცია ცესკო-მ სოციალურ ქსელში განათავსა.

"არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები კვლავ აგრძელებს ამომრჩეველთა გენდერული აქტივობის თემით მანიპულაციას, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ არაერთხელ განმარტა ამომრჩეველთა გენდერული აქტივობის მონაცემებში შეუსაბამობის ერთეული შემთხვევების მიზეზი და მიუთითა, რომ ამომრჩეველთა აქტივობის წინასწარი მონაცემები არ შეიძლება იყოს არჩევნების შედეგებთან მიმართებაში რაიმე დასკვნის გამოტანის ობიექტური საფუძველი.

საგულისხმოა, რომ სამართლიანი არჩევნები ერთის მხრივ ენდობა ცესკო-ს პირველად მონაცემებს გენდერულ ჭრილში ამომრჩეველთა აქტივობის თაობაზე, ხოლო მეორეს მხრივ უნდობლობას უცხადებს ცესკოს მიერ დაფიქსირებულ არჩევნების წინასწარ ოფიციალურ შედეგებს, თან იმ ფონზე, როდესაც მათივე განცხადებით, ორგანიზაციის მიერ ხმების პარალელური დათვლის შედეგები შესაბამისობაშია ცესკოს შედეგებთან. აღსანიშნავია, რომ ამ შედეგების დღემდე არგასაჯაროების დასაბუთებას სამართლიანი არჩევნები ბუნდოვანი და დამაჯერებლობას მოკლებული არგუმენტებით ცდილობს. ორგანიზაციისთვის კარგადაა ცნობილი, რომ რეგისტრატორი კომისიის წევრების მიერ არჩევნებში მონაწილე ქალი და კაცი ამომრჩევლების დათვლა ხდება არა არჩევნებზე მოსული ქალებისა და კაცების რაოდენობის აღრიცხვით, არამედ მოსული ამომრჩევლის რეგისტრაციის მონაცემებით და ასევე, გადასატანი ყუთის ანალოგიური მონაცემებით. ამის შემდეგ, რეგისტრატორები ითვლიან მხოლოდ ქალი ამომრჩევლის რაოდენობას, ხოლო კაცი ამომრჩევლების გამოთვლა ხდება მოსული ამომრჩევლის საერთო რაოდენობიდან.

შესაბამისად, უზუსტობა პირველ მონაცემში ავტომატურად გამოიწვევს უზუსტობას მეორე მონაცემშიც. თუმცა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ აქტივობის დათვლა გენდერულ ჭრილში არ წარმოადგენს კანონის მოთხოვნას. აღნიშნული მონაცემები მუშავდება მხოლოდ არასაარჩევნო მიზნებისთვის და მას არანაირი კავშირი არჩევნების შედეგების ოფიციალურ მონაცემებთან არ გააჩნია. მონაცემებში, რომელიც სამართლიანმა არჩევნებმა ცესკოსგან მიიღო, იყო ადამიანური შეცდომით გამოწვეული რამდენიმე ხარვეზი, რაც საარჩევნო ადმინისტრაციამ, როგორც პასუხისმგებლიანმა უწყებამ, თავადვე დაადასტურა.

კერძოდ, 11 საარჩევნო უბნიდან, არჩევნებში მონაწილე ქალების გადმოგზავნილ რაოდენობაში არსებულმა უზუსტობებმა გამოიწვია ცდომილება ჯამურად 150 ამომრჩევლის სქესის აღრიცხვაში, რაც 2 მილიონზე მეტი ამომრჩევლის აღრიცხვისას უმნიშვნელო მაჩვენებელია. სამართლიანი არჩევნების მცდელობა, განაზოგადოს 11 უბანზე დაშვებული უზუსტობები და ეს "მნიშვნელოვან შეუსაბამობად" მონათლოს, მით უფრო, წარმოაჩინოს არჩევნების გაყალბების დამადასტურებელ ფაქტად, უბრალოდ არასერიოზულია. მაშინ, როდესაც 2020-ში მათივე პარალელური დათვლის შედეგების აცდენას რეალურ შედეგებთან, სამართლიანმა არჩევნებმა „უმნიშვნელო უზუსტობა" უწოდა. ნიშანდობლივია, რომ თავიდან სამართლიანი არჩევნები საზოგადოებას არწმუნებდა, რომ მსგავსი უზუსტობები ფიქსირდებოდა 23 საარჩევნო უბანზე. მას შემდეგ, რაც დადასტურდა რომ არც ეს შეესაბამება სიმართლეს, ნაცვლად საკუთარი შეცდომის აღიარებისა, ორგანიზაცია გადაერთო ზოგადად კაცების მაღალი აქტივობის ანომალიურობის დამტკიცების ვერსიებზე და შესაბამისი სპეკულაციური აღქმების შექმნის მცდელობებზე. დასასრულს, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ამომრჩეველთა ზუსტი აქტივობა ასახულია იმ შემაჯამებელ ოქმებში, რომელიც დგება საარჩევნო უბნებზე და სწორედ ამ მონაცემებზე დაყრდნობით დგინდება საბოლოო აქტივობა, რომელიც ფიქსირდება არჩევნების შემაჯამებელ ოქმში. გენდერული სტატისტიკა არ შეიტანება კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მონაცემებში და ის კავშირში არაა კენჭისყრის შედეგებთან.

მოყვანილი ფაქტები ცნობილია ყველა ჩართული მხარისთვის, მათ შორის, მათთვისაც, რომელთა ინტერესს, როგორც ჩანს, სამწუხაროდ, საზოგადოებისთვის ფაქტების მიწოდების ნაცვლად ინფორმაციით მანიპულირება წარმოადგენს", - წერია ცესკო-ს განცხადებაში.

**

სამართლიანი არჩევნების (ISFED) განახლებული განცხადებით თანახმად, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ჩატარებული ორი ბრიფინგის მიუხედავად, ვერ უპასუხა იმ კითხვებს, რომელიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობასთან დაკავშირებით სამართლიანმა არჩევნებმა 7 ნოემბრის განცხადებაში დასვა. "ცესკო-მ 8 ნოემბერს გაკეთებული განცხადებით 11 საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულზე მეტი კაცი ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემა საუბნო საარჩევნო კომისიებიდან მიღებული არაზუსტი მონაცემებით ახსნა, თუმცა საარჩევნო ადმინისტრაციას არ წარმოუდგენია მოცემულ საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა აქტივობის დაზუსტებული მონაცემები გენდერულ ჭრილში. შესაბამისად, გაურკვეველია, როგორ ნაწილდება ამ უბნებში კენჭისყრაში მონაწილე კაცი და ქალი ამომრჩევლების რაოდენობა", - წერია ოფიციალურ განცხადებაში.