წინააღმდეგობის პლატფორმა ჩხრეკებზე: ვაგროვებთ მონაცემებს, რომ მონაწილე პირები დასანქცირდნენ

წინააღმდეგობის პლატფორმა ჩხრეკებზე: ვაგროვებთ მონაცემებს, რომ მონაწილე პირები დასანქცირდნენ

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით შექმნილი წინააღმდეგობის პლატფორმა პროკურატურის მიერ დღეს ჩატარებულ ჩხრეკებს განცხადებით ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმის, თუ როგორ აწუხებს რეჟიმს მოქალაქეების პროტესტი.

განცხადების თანახმად, პლატფორმა აგროვებს ყველა ამ ადამიანის მონაცემს და გააკეთებს ყველაფერს, რომ უკანონო გადაწყვეტილებების გამცემ და შემსრულებელ პირებს მოკავშირეების მხრიდან სანქციები დაუწესდეთ.

განცხადება სრულად:

"დღეს რეჟიმის სამართალდამცველები პროპაგანდისტული ამოცანებისთვის ხუთი სხვადასხვა მოქალაქის სახლში შევარდნენ, რომელთა ნაწილიც იმ სამოქალაქო ფონდებთან არის კავშირში, რომლებიც მოქალაქეებს დრაკონულ ჯარიმებთან, სისხლის სამართლებრივ დევნასთან და რეჟიმის სხვა რეპრესიულ ზომებთან გამკლავებაში ეხმარებიან.

ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, თუ როგორ აწუხებთ მათ საქართველოს მოქალაქეების პროტესტი და რომ ქართული ოცნების მოქმედების ერთადერთი მოდუსი რეპრესიებია - ისინი ვეღარ მართავენ, მათ მხოლოდ მოქალაქეების დევნა შეუძლიათ.

ამით რეჟიმი ცდილობს საკუთარი მომხრეების დარწმუნებას, რომ ორსული ქალი მცირეწლოვანი ბავშვით საბოტაჟსა და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ საქმიანობაში იყო ჩართული, მიტაცებული სახელმწიფოს პირობებში კი არ არსებობს ინსტიტუტი, რომელიც დაიცავს პროპაგანდისტული ამოცანებისთვის თარგეტირებულ მოქალაქეებს, მათ სიმართლეს და სამართლიანობას.

წინააღმდეგობის პლატფორმა იმოქმედებს საქართველოს მოქალაქეთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით და იმ ადამიანების ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად, რომლებმაც ამ უკანონო რეიდების დაგეგმვასა და აღსრულებაში მიიღეს მონაწილეობა.

პლატფორმა აგროვებს ყველა ამ ადამიანის მონაცემს და გააკეთებს ყველაფერს, რომ უკანონო გადაწყვეტილებების გამცემ და შემსრულებელ პირებს ჩვენი მოკავშირეების მხრიდან დაუწესდეთ სანქციები", - ვკითხულობთ განცხადებაში.

დღეს დილით პროკურატურის თანამშრომლები ნანუკა ჟორჟოლიანის, ასევე სამოქალაქო აქტივისტების – მარიამ ბაჯელიძისა და მარიამ გეგუჩაძის, ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილის სახლებში ჩხრეკაზე შევიდნენ.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლებით, მათ შორის უცხოეთიდან დაფინანსების მობილიზების მიმართულებით, რაც ქვეყნის კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ არის მიმართული.