თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, თავდაცვის მინისტრის პოსტზე ირაკლი ჩიქოვანს წარადგენენ.
კობახიძის თქმით, ბურჭულაძემ თანამდებობის დატოვების სურვილი თავად გამოთქვა. სხვა მინისტრების შეცვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციებს კობახიძემ "სპეკულაციები" უწოდა.
"როდესაც საუბარი გვქონდა გუნდში მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით, მინდა ხაზი გავუსვა, რომ მთავრობის ყველა წევრს შევთავაზე დარჩენა. ერთადერთი, თავდაცვის მინისტრის პოზიცია იყო, რომ მას სურდა პოლიტიკიდან სხვა სფეროში გადანაცვლება. პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას, შესაბამისად, ერთადერთი ცვლილება განხორციელდება მთავრობაში და თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილი იქნება ირაკლი ჩიქოვანის კანდიდატურა", - განაცხადა კობახიძემ.