ტრამპის გუნდი ლონდონში მოლაპარაკებებისთვის მიემგზავრება — განხილვის თემაა ცეცხლის შეწყვეტა

ტრამპის გუნდი ლონდონში მოლაპარაკებებისთვის მიემგზავრება — განხილვის თემაა ცეცხლის შეწყვეტა

მომავალი კვირის დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუნდი ლონდონში გაემგზავრება უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების გასაგრძელებლად — ამის შესახებ Fox News-თან ინტერვიუში პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კიტ კელოგმა განაცხადა.

მისი თქმით, პარიზში გამართულ შეხვედრაზე უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებმა უკვე განიხილეს ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობა, ახლა კი დროა, კონკრეტულ შეთანხმებებზე გადაინაცვლონ.

"ლონდონში დავბრუნდებით, რათა დავასრულოთ ეს შეთანხმებები. ვფიქრობ, უზარმაზარი შესაძლებლობები გვაქვს. ერთ-ერთი მათგანია წიაღისეულის შესახებ შეთანხმება, ასევე — ცეცხლის ყოვლისმომცველი შეწყვეტა, რაც გულისხმობს ზღვას, ჰაერს, ხმელეთსა და მრეწველობას — მინიმუმ 30 დღით, შემდგომ კი მშვიდობის მუდმივ შეთანხმებაზე გადასვლით," — აღნიშნა კელოგმა.

კელოგმა ასევე ისაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტ ტრამპს მოთმინება ეწურება. როგორც კელოგი განმარტავს, "ეს მკაცრად ჟღერს, მაგრამ ასეთი განცხადებები სწორედ ასე უნდა ჟღერდეს".

"დავიღალეთ იმით, რაც ხდება. მსოფლიოში ბევრი სხვა პრობლემაა, სადაც ამერიკის ჩართულობა აუცილებელია, და ეს ომი უკვე ძალიან დიდხანს გრძელდება. მაგრამ ვფიქრობ, მას დასრულების შანსი აქვს," — თქვა კელოგმა.

შეგახსენებთ, 17 აპრილს უკრაინამ და აშშ-მ ხელი მოაწერეს მემორანდუმს წიაღისეულის საკითხზე. ტრამპის განცხადებით, ოფიციალური ხელმოწერა 24 აპრილს შედგება.