
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინაში Patriot-ის საჰაერო თავდაცვის 17 სისტემა გაიგზავნება.
ამის შესახებ მან თეთრ სახლში NATO-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული სისტემების დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე განლაგდება.
"Patriot-ის 17 სისტემა მზადდება გადაზიდვისთვის. ეს არის Patriot, ეს არის ყველაფერი, რაც მათ სჭირდება. ისინი ძალიან მალე ჩამოვლენ უკრაინაში. ზოგიერთი რამდენიმე დღეში ჩავა. ყველა არ დასჭირდებათ, მაგრამ ამ სისტემების დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე განლაგდება.
ტრამპმა რამდენიმე საათის წინ დაადასტურა, რომ ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას გაუგზავნის. მისი თქმით, ეს სისტემები ქვეყნის დასაცავად აუცილებელია, რადგან "პუტინი ლამაზად ლაპარაკობს, მაგრამ საღამოს ყველას ბომბავს".